ახალი ამბები

პროკურატურა ვერ იძიებს, სცემეს თუ არა პოლიციელებმა ბრალდებულს

23 აპრილი, 2015 •
პროკურატურა ვერ იძიებს, სცემეს თუ არა პოლიციელებმა ბრალდებულს

 

 

მინდია ქარცივაძე ახლაც პატიმრობაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრების თქმით, მინდიას ის არ აპატიეს, რომ პოლიციელებს უჩივლა და ჩივილიდან მესამე დღეს მეორედ დააკავეს, ამჯერად დანის ტარებისა და მუქარისთვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელიც მინდია ქარცივაძის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ სახელმწიფო უკვე წლებია ვერ არკვევს, სად და რა ვითარებაში მიიღო ქარცივაძემ სხეულის მძიმე დაზიანება, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადგენილია. იურისტის თქმით, სამმართველოს აღრიცხვის ჟურნალში დაკავებულის დაზიანების შესახებ არაფერია აღნიშნული, მაშინ როდესაც სამმართველოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი ქარცივაძის დასახმარებლად (სხეულზე არსებული სხვადასხვა დაზიანების გამო) იზოლატორის ხელმძღვანელი იძახებს სასწრაფო დახმარებას და მიმართავს პროკურატურას.

 

საქმის მასალებით, მინდია ქარცივაძე ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სასაზღვრო პოლიციის შენობის მიმდებარედ დააკავეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. პოლიციის მე-2 განყოფილებაში ქარცივაძეს წელსზევით შიშველს გადაუღეს ფოტო და ვიდეო, გაჩხრიკეს და ამოიღეს ნივთები: ქამარი, კრიალოსანი, ჯვარი, საფულე, დანა.
დაკავებულის ძმის მამუკა ქარცივაძის თქმით, მინდიას დაკავების შესახებ მეორე დღეს შეატყობინეს, როცა ის სასამართლოში გადაჰყავდათ: `დარეკა პოლიციელმა, რომ მიგვეტანა ტანსაცმელი. მანამდე მინდიას არ მისცეს საშუალება დაერეკა ოჯახში ან ადვოკატთან. მე სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ ვნახე ჩემი ძმა, სასტიკად იყო ნაცემი. გამოვიძახეთ ადვოკატი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში და მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება”.

 

მინდია ქარცივაძის ოჯახის წევრების თქმით, განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა უხეშად, რის გამოც მინდიამ პოლიციელს შეაგინა. ამიტომ ის პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. მინდიას თქმით, ის უფროსის კაბინეტში სცემეს და იქვე გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
მინდია დააკავეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, შუქნიშანთან, სადაც დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. დაკავების ადგილის მიმდებარედ განთავსებულია სასაზღვრო პოლიციის შენობა და აფთიაქი „ჯი-პი-სი“. პოლიციას საქმეში არ უდევს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მტკიცებულები, რითაც დადგინდებოდა, უწევდა თუ არა დაკავების დროს მინდია პოლიციელებს წინააღმდეგობას. აფთიაქში მტკიცებულების ამოსაღებად მისულ გიორგი ხიმშიაშვილს უთხრეს, რომ პოლიცია იყო მისული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების სანახავად. უცნობია, პოლიციამ აფთიაქიდან ამოიღო თუ არა რაიმე მტკიცებულება, რადგან საქმეში სათვალთვალო კამერების ჩანაწერი არ ჩანს. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით მხოლოდ ის ირკვევა, რომ პოლიციას მტკიცებულებასთან შემხებლობა ჰქონდა. დაკავებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ პოლიციამ შეგნებულად წაშალა მტკიცებულება, რადგან ბრალდებული არც ნაცემი იყო და არც შიშველი მანამ, ვიდრე დააკავებდნენ.

 

ადმინისტრაციული პატიმრობიდან მესამე დღეს მინდია ქარცივაძის წინააღმდეგ პოლიციამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და ის დააპატიმრეს. გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან დაკავებულის სავარაუდო ცემის ფაქტზეც.
ამ ამბიდან დაახლოებით ორი წელია გასული.
გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე ხომ არ შეუჩერებია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით უფლებამოსილება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც პატიმარი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს? – “ბათუმელების” ამ კითხვას უწყებაში ასე უპასუხეს: „ამ დროისთვის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის მოკვლევა და შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას დაადგენს პროკურატურა“.

 

მინდია ქარცივაძის საქმეზე სახალხო დამცველს ადვოკატმა მიმართა გასული წლის ოქტომბერში, სადაც მიუთითებდა აჭარის პროკურატურაში მიმდინარე საქმის გამოძიების გაჭიანურებაზე. ბრალდებულის ძმა სახალხო დამცველთან შეხვედრას ამ დღეებში ისევ გეგმავს. მინდია ქარცივაძე და მისი ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. პატიმარი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბათუმის მე-2 განყოფილების რვა პოლიციელს ადანაშაულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი