ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი დღეს შვეიცარიის ელჩს საქართველოში, გიუნტერ ბეხლერს შეხვდნენ.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო:
“საკითხები, რაზეც რამდენიმე ხნის წინ ელჩი საუბრობდა, ის არის, სადაც ყოველგვარი წითელი ხაზი გადის და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. მე და გიგლა აგულაშვილმა ვთხოვეთ, რომ დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა არა მხოლოდ ახლა, არამედ ერთგვარი ცხელი ხაზივით გამოგვიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუკი რაიმე კონკრეტული პრობლემის შესახებ ექნება ინფორმაცია. შევთანხმდით იმაზე, რომ შვეიცარიის ელჩი ფასილიტაციას გაუწევს ამ ორი კომიტეტის და სხვა კომიტეტების შეხვედრას ინვესტორებთან, რომ, ერთი მხრივ, ვესაუბროთ კონკრეტულ პრაქტიკაზე, როგორ ხდება კანონის აღსრულება და, მეორე მხრივ, თუკი რაიმე ცვლილებებია კანონმდებლობაში შესატანი, რათა ბიზნესმენთა საქმიანობა უფრო გამარტივდეს და პროდუქტიული გახდეს, ამაზე სრული მზადყოფნა გამოვხატეთ. საუბარია ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც შესაძლოა კორუფცია ყოფილიყო. მას ამის თაობაზე შეხვედრა ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და საკითხი გარკვევის პროცესშია. ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, ეს კონკრეტული შემთხვევა მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კანონში არ არსებობდეს არც ერთი ხარვეზი, რომელიც შესაძლებელს გახდის, მაგალითად, ფინანსური პოლიციის ექვსთვიან შემოწმებას, როდესაც ფინანსური პოლიცია რომელიმე დაწესებულებაში ზის და იქიდან აღარ მიდის და ეძებს რაღაცას, გაუგებარია რას?! რა თქმა უნდა, ჩვენს კანონმდებლობაში არის პრობლემები, რომლებიც ხელოვნურად იყო ჩადებული იმ ცნობილი მიზეზების გამო, რომელიც საქართველოში ბიზნესს ექმნებოდა. ყველა ეს კანონი ერთად უნდა გავიაროთ და სადაც საჭიროა, ამოვქოლოთ, რომ არავის ხელი არსად არ წაუცდეს”.
საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ინტერვიუ FINANCIAL-ს მისცა, სადაც განაცხადა, რომ უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან.
გიუნტერ ბეხლერმა კომენტარი ამ თემაზე კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრამდეც გააკეთა.
