ახალი ამბები

“ენერგო პრო ჯორჯიამ” ტარიფის კორექტირების მოთხოვნით სემეკს მიმართა

23 აპრილი, 2015 •
“ენერგო პრო ჯორჯიამ” ტარიფის კორექტირების მოთხოვნით სემეკს მიმართა

“ენერგო პრო ჯორჯია არის სადისტრიბუციო კომპანია, შესაბამისად, ელექტროენერგიას ყიდულობს, რომ შემდეგ საბოლოო ადრესატამდე, აბონენტამდე მიიტანოს. შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო დროს კომპანიის თითქმის ყველა ფინანსური რესურსი მიმართული იყო ამ კუთხით და, ფაქტობრივად, ეს ფინანსური რესურსებიც უკვე ამოწურულია,”– განუცხადეს “ნეტგაზეთს” “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში. 

 

გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი აპრილიდან გაიზარდა გადაცემის მომსახურების საფასური, ანუ ტარიფში სახელმწიფო ელექტროსისტემის კომპონენტი. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კომპანიამ სემეკს ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიმართა. 

 

სემეკში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა დღეს, 12 საათზე დაიწყო და დღესვე გადაწყდება, დაიწყება თუ არა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ მოთხოვნილ ფასების კორექტირების საკითხზე. როგორც “სემეკში” განმარტავენ, ეს არ ნიშნავს, რომ ფასებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება დღესვე იქნება მიღებული. 

 

ამ დროისთვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის “ენერგო პრო ჯორჯიას” შემდეგი ტარიფები აქვს: 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 9.0034 თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი; ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი – 17.50 თეთრი. 

ენერგო–პრო ჯორჯია
ენერგო–პრო ჯორჯია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი