ახალი ამბები

„მაღაროები გავაჩერეთ“ — ჭიათურაში „მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

7 ნოემბერი, 2019 • 1713
„მაღაროები გავაჩერეთ“ — ჭიათურაში „მანგანეზისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობამ 7 ნოემბერს მანგანუმის მაღაროების მუშაობა ისევ გააჩერა. ისინი ითხოვენ, რომ აუნაზღაურდეთ ზარალი, რაც, მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებისგან ადგებათ.

როგორც „ნეტგაზეთს“ შუქრუთის მკვიდრი რევაზ ნეფარიძე უამბობს, ამ საკითხის გამო პროტესტი 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ პირველად გააჩერა მაღაროებში სამუშაოები. ეს მას შემდეგ, რაც სოფელში განსაკუთრებით აქტიურად გაგრძელდა მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები, რამაც, მისი თქმითვე, დააზიანა მოსახლეობა — სახლები, გზა და ეკლესია.

კიდევ ერთი ადგილობრივი, გიორგი ნეფარიძე, რომელიც დღესაც იმყოფება ადგილზე, გვეუბნება: „თვე-ნახევრის წინ გვქონდა გაჩერებული შუქრუთში არსებული ყველა მაღარო იმის გამო, რომ სოფელში ეკლესია, — სულ რაღაც 7 წლის აშენებულია და მთლიანად შემოეხსნა გუმბათი, ბზარები გაუჩნდა — გზა, სახლები, საკარმიდამო ადგილები, საფლავები, ყველაფერი ინგრევა; ეზოებში მიწა ჩავარდნილია, მაღაროს გვირაბები ჩანს და ძალიან ცუდი სიტუაციაა. წარმოიდგინეთ, „პადვალში“ რომ ჩახვალ და მაღაროს გვირაბში რომ ჩავარდები“…

სექტემბრის პროტესტის შემდეგ, მათ თანახმად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ქალაქის მერისა და სოფლის გამგებლის მონაწილეობით, შეიქმნა კომისია, რომელსაც ზარალი უნდა შეესწავლა, ხოლო შემდეგ ზარალის კომპენსაცია დაწყებულიყო.

„მოხდა ეს შეთანხმება, გავუშვით მაღაროები, კომისიამ იმუშავა, დაამთავარა მუშაობა და ეგ იყო და ეგ, აღარაფერი მოჰყოლია. რეაქცია ნული… ვადის გასვლამდე, ანუ ოთხშაბათამდე, განცხადებაც შევიტანეთ, რა ხდება-თქო, და დღეს ამოდის მერი და გამგებელი, აქეთ გვეკითხებიან, რა ხდებაო“, — ამბობს გიორგი ნეფარიძე.

ამჟამად ადგილობრივები, რომლებიც კომპანიას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, თავიანთი მოთხოვნების შესრულების გარანტიას საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ. „ამჟამად გვაქვს შუქრუთის 11-ვე მაღარო გაჩერებული, და სანამ კონკრეტული წინადადებებით არ მოვლენ, მანამდე გვექნება გაჩერებული“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ჯორჯიან მანგანეზს“ ამ ამბის შესახებ საპასუხო კომენტარისა და დამატებითი დეტალების მისაღებად. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი