ახალი ამბები

ოხანაშვილი: არ უნდა მოხდეს საკითხების დემონსტრირება, რაც საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს

6 ნოემბერი, 2019 • 1548
ოხანაშვილი: არ უნდა მოხდეს საკითხების დემონსტრირება, რაც საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რაც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს:

“ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო. თუკი ვინმე რაღაცა ზღვარს სცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში, კონკრეტული საკითხები, მუქარა იქნება თუ ასე შემდეგ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო”, – ამბობს ოხანაშვილი.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. მოგვიანებით, იგივე შინაარსის განცხადება ბიზნესმენმა ლევან ასაძემაც გააკეთა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი