ახალი ამბები

კანონპროექტით ის ადგილები შემცირდება, სადაც მშენებლობა აკრძალულია – რას ნიშნავს ეს

6 ნოემბერი, 2019 • 1659
კანონპროექტით ის ადგილები შემცირდება, სადაც მშენებლობა აკრძალულია – რას ნიშნავს ეს

ახალი კანონპროექტით, რომელიც „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს, შესაძლოა, ის ადგილები შემცირდეს, სადაც მშენებლობა აკრძალულია.

აქტივისტთა და ქალაქდამგეგმარებელთა ნაწილი ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და ამბობენ, რომ ის კიდევ უფრო გააუარესებს ქალაქში მშენებლობის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.

მათი თქმით, მუხლი, რომელიც კანონპროექტით ამოღებულია – უაზროდაა ფორმულირებული, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, დოკუმენტი არ სთავაზობს პარალმენტს კონკრეტულ ჩამონათვალს, თუ სად, როგორი შენობები შეიძლება აშენდეს. ეს უკანასკნელი კი ქალაქის იერსახისთვის გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა.

რა წერია ახალ კანონპროექტში 

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცვლილება, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ერთ-ერთი მუხლის ამოღებაა, სადაც მოკლედ ჩამოთვლილია, სად არ შეიძლება მშენებლობა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ დანაწესის ამოღებას, რომლის მიხედვითაც – ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში დაუშვებელი იყო შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა ) მშენებლობა, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და სხვა მსგავს სივრცეში დაუშვებელი იყო ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ ჰქონდა საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

კანონპროექტის ავოტრები გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებით “გარკვეულ ადგილებში შესაძლლებელია დაშვებული გახდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობა“, რაც თავის მხრივ, “ასეთ ადგილებში“ მშენებლობის ნებართვის მაძიებელ პირთა როდენობას გაზრდის.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ “მშენბლობის ნებართვის მაძიებელი პირი“ მშენებლობის ნებართვი დაჩქარებულად აღებას მოისურვებს, მას მოუწევს დადგენილი საფასურის გადახდა, რაც ავტორთა აზრით, ბიუჯეტის შემოსავლებზე ზეგავლენას მოახდენს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ზაზა გაბუნია შემდგომ გამოეხმაურა დოკუმენტს და თქვა, რომ მუხლის ამოღება, რომელიც რიგ ადგილებში მშენებლობას კრძალავს – უბრალოდ ტექნიკური ხასიათისაა. ამ მუხლის პროექტში არსებობა-არარსებობა კი არაფერს ცვლიდა.

ზაზა გაბუნიას თქმით, ქალაქის გენერალური გეგმები მოიცავს გამწვანებული ტერიტორიების რუკებსაც და წარმოადგენს დამატებით რეგულაციებს არასათანადო მშენებლობებისთვის.

“ამასთანავე, ამ მუხლს შეიძლებოდა ხელი შეეშალა, მაგალითად, სკვერებში ჯიხურების, გაზეთის დახლების და მსგავსი ტიპის ნაგებობების განთავსებისთვის. ინიციატორებმა ჩავთვალეთ, რომ ამ მუხლის ამოღება იქნებოდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის“, – ამბობს ზაზა გაბუნია.

“ემოციური და წყალყწალა კანონპროექტი“ – ექსპერტების შეფასება

ქალაქდამგეგმარებელი, ზურაბ ბაქარაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტით სიტუაცია შესაძლოა არათუ გაუმჯოობესდეს, არამედ გაუარესდეს კიდევაც.

ბაქრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ყვება, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მათ შორის, მწვანე სივრცეებში შესაძლოა აშენდეს მრავალსართულიანი შენობები.

ეს უკანასკნელი კი მოხდება არა იმიტომ, რომ ზემოხსენებული მუხლი ამოიღეს, არამედ იმიტომ, რომ სივრცის დაგეგმარების კოდექსში 68-ე მუხლი ძალიან ცუდად არის ფორმულირებული. ამ მუხლს კი კანონპროექტი არ ცვლის.

სივრცის დაგეგმარების კოდექსის 68-ე მუხლი
განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთი

იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარეობს და რომელზედაც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მოქმედი სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს

“ავტორებმა რაც გააკეთეს, გულისხმობს შემდეგს – ის ჩანაწერი, სადაც უაზროდ და კონკრეტიკის გარეშეა ნათქვამი, რომ მშენებლობა პარკებში არ შეიძლება, გარდა იმ ადგილებისა, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშენლოვანია, ეს მუხლი ამოიღეს ტექნიკური გასუფთავების მიზნით. მაგრამ არ შეცვალეს და არ დააკონკრეტეს 68-ე მუხლი, რომლითაც მშენებლობები უნდა რეგულირდებოდეს.

68-ე მუხლი ამბობს, რომ ჩამოყალიბებული განაშენიანების სისტემის გარეთ მშენებლობა საერთოდ არ შეიძლება, გინდ ქალაქში და გინდ – მის გარეთ. მაგრამ მხოლოდ ამ სიტყვების დაწერა საკმარისი არ არის, რადგან ვიცით, რომ ისეთი ტერიტორიები, მაგალითად, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მოითხოვენ გარკვეული შენობა-ნაგებობების არსებობას, მაგალითად, თუნდაც ბოსელის აგებას“, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

ქალაქდამგეგმარებელი გვიყვება, რომ 68-ე მუხლის შინაარსში, ევროპული გამოცდილების მიხედვით, უნდა იყოს ჩამონათვალი იმ დაწესებულებებისა, რომელიც, მიუხედავად რეგულაციისა, მაინც შეიძლება აშენდეს ჩამოყალიბებული განაშენიანების სისტემაში.

მისი თქმით, მსგავსი ჩამონათვალი ძალიან მნიშვნელოვანია და პარკის მაგალითის შემთხვევაში, ის შეიცავდა ისეთ ნაგებობებს, როგორიცაა სანაყინე, შადრევანი და სხვა მცირე მსგავსი ტიპის შენობებს, რომლებიც ზომით დიდი არ არის და ხელს არ უშლის გამწვანებას.

ამათ კი გააკეთე ის, რომ ჩაწერეს წყალწყალა 68-ე მუხლი, რომელშიც ეს მკაფიოება არ ჩანს . ადამიანმა რომ წაიკითხოს 68-ე მუხლი, ნამდვილად იპოვის ხვრელს, რომ განაშენიანების სიტემის მიღმა ააშენოს შენობა, თუნდაც, მწვანე ადგილას“, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

ბაქრაძე ასევე დასძენს, რომ მსგავსი “ემოციური და არაიურიდიული“ აზროვნება ჩვენს კანონმდებლობას სჩვევია. ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტის ავტორები, მისი შეფასებით, ემოციურად მოქმედებდნენ, როდესაც მშრალად წერდნენ, რომ პარკში მშენებლობა არ შეიძლებოდა, თუმცა დამატებით კონკრეტიკა და რეგულაციები უგულებელყვეს.

“თუ მკფიოდ და ემოციების გარეშე ვისაუბრებთ, ამ კანონპროექტში საკრიტიკო არის 68-ე მუხლი, იმიტომ, რომ ვერ იცავს საკმარისად ტერიტორიებს განაშნიანებისგან. და ასეთი უამრავი ტერიტორია არსებობს – ტყეები, ნაკრძალები, პარკები და ა.შ. და ისინი ჩვენ მკაფიოდ უნდა დავიცვათ,“ – ამბობს ის.

ზურაბ ბაქრაძე.

ზურაბ ბაქრაძესთან ერთად, ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს იურისტი ანანო ცინცაბაძეც, რომელიც ქალაქის დაგეგმარების საკითხზე მუშაობს. ის ამბობს, რომ შეთავაზებული კანონპროექტი რამდენიმე კუთხითაა პრობლემური, თუმცა მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა განაშენიანების კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობაში მოყვანა.

ცინცაბაძის განმარტებით, შესაბამისობის დადგენა განსაზღვრულ ვადაში (დაახლოებით 1 წელი) ვერ მოხერხდა და მერიის წარმომადგენელთა ინიციატივის საფუძველეზე, კიდევ 6 თვით გადავადდა.

“ახლა უპრეცედენტო გამოსავალი უპოვიათ, ძლივს მიღებულ კანონში შეაქვთ ცვლილებები. როგორც განმარტებითი ბარათი ამბობს: “გარკვეულ საკითხებში გაკეთდეს გამონაკლისები და რიგი რეგულაციები კვლავ დარჩეს ძალაში იმ შინაარსით, რაც აქამდეა, რაც სულ ახლახან იქნა შეთავაზებული მშენებლობისათვის და რისი შეცვლაც ასე მალე პრაქტიკულად შეუძლებელიც იქნება”. მოკლედ, “ასე მალე” (ორ წელიწადში) ჩვენ უმძიმეს პრაქტიკებს ვერ გადავაწყობთო.

საუბარია რამდენიმე საკითხზე:

  1. ზონალურ შეთანხმებას (რომელიც ბოლო წლებში ქალაქის დამახინჯების და ყველა აკრძალვიდან თავის არიდების წყარო გახდა) აღარ ითვალისწინებს კანონი. სამაგიეროდ, ითვალისწინებს კანონქვემდებარე საკრებულოს აქტი (განაშენიანების რეგულირების წესები). ამ “გაუგებრობის” გასასწორებლად კანონიდან ამოაქვთ მუხლი, რომლის თანახმადაც: “პარკში, ბაღში, სკვერში და სხვა მსგავს სივრცეში დაუშვებელია ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.” რადგან ასეთი რამ დასაშვებია ზონალური შეთანხმებით(და იმის მაგივრად, რომ ზონალური ამოიღონ და კანონქვემდებარე აქტი მოიყვანონ კანონთან თანხვედრაში, პირიქით მოიფიქრეს);
  2. გაუგებარია კანონიდან იმ მუხლის ამოღების შეთავაზება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემთხვევაში შენობა- ნაგებობის ძირითად ტექნიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებული რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავებისას მოითხოვს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს გათვალისწინებას;
  3. თუ კანონი აქამდე ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მხოლოდ ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის ინიცირებას უშვებდა, ახლა მათ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაც შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი ინტერესების საფუძველზე;

ცინცაბაძე ჰყვება, რომ ამ “თვალის ახვევას“ კოფიციენტის ცვლილების აკრძალვით ასაბუთებენ. მისივე თქმით, “კანონქვემდებარე აქტებში, გარკვეულ შემთხვევებში, მართლაც შეიზღუდა კოეფიციენტის ცვლილებები (რასაც კვლავ უშვებს ეს კანონი), თუმცა იმ შეზღუდვას იმდენი გამონაკლისი ახლავს თან, კანონის კანონქვემდებარე აქტზე ამ ნაწილში მორგება, არ ვიცი, ვისთვის შეიძლება იყოს შვება.”

ანანო ცინცაბაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი