ახალი ამბები

მეუფე ზოსიმემ გამსახურდია სემინარიაში პროვოკაციის მოსაწყობად მიიტყუა – მღვდელი გიორგი სხილაძე

6 ნოემბერი, 2019 • 4466
მეუფე ზოსიმემ გამსახურდია სემინარიაში პროვოკაციის მოსაწყობად მიიტყუა – მღვდელი გიორგი სხილაძე

საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირის, გიორგი მსხილაძის მოსაზრებით, მეუფე ზოსიმე მიიჩნევდა, რომ მის წინააღმდეგ ამხედრებული სემინარიის სტუდენტების უკან ზვიად გამსახურდია იდგა.

სასულიერო პირმა “მთავარი არხის” ეთერში დეტალურად გაიხსენა სემინარიაში მომხდარი ინციდენტი, რომლის მთავარი ფიგურანტიც სწორედ ზვიად გამსახურდია იყო. გამსახურდია იმ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო. საქართველოს პრეზიდენტი მოგვიანებით გახდა.

საუბარია 1988 წლის მოვლენებზე, როდესაც სასულიერო სემინარიის სტუდენტების ნაწილმა მეუფე ზოსიმე, რომელიც იმ დროს სემინარიის რექტორი იყო, სტუდენტი ბიჭის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სავარაუდო შევიწროების მსხვერპლი სტუდენტის 1988 წელს დაწერილი წერილი გამოცემა “ტაბულამ” 2019 წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამ წერილში სტუდენტი დეტალურად აღწერს მეუფე ზოსიმეს მხრიდან შევიწროების დეტალებს.

თავად მეუფე ზოსიმე ბრალდებებს შეთხზულს უწოდებს და ამბობს, რომ იმდროინდელი სემინარიელები “ვიღაცების წაქეზებით მოქმედებდდნენ”. ე.წ. ამბოხებულ სემინარიელთა შორის იყო გიორგი მსხილაძეც, რომელიც კიდევ 3 მეგობართან ერთად მაშინ სემინარიიდან გარიცხეს.

ის ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებულ ინციდენტს ასე იხსენებს:

ე.წ. მეუფე ზოსიმემ თქვა, რომ ჩვენ ცილი დავწამეთ და მასთან მიგვაგზავნა გარკვეულმა ჯგუფმა. ახლა ვეღარ ასახლებეს, რომ გულისხმობს ზვიად გამსახურდიას. 1988 წელს ზვიად გამსახურდიას დაურეკეს სასულიერო აკადემიიდან თუ საპატრიარქოდან, ზუსტად თვითონაც არ იცოდა, და უთხრეს, რომ უნდა მისულიყო პედსაბჭოს სხდომაზე. ის მოვიდა სემინარიაში ამ ამბების შემდეგ. მივესალმეთ სემინარიის წინ, მას კარგად ვიცნობდით. გვკითხა, რომ პედსაბჭოს სხდომა იმართება დღეს? რაც ჩვენ არ ვიცოდით, არავის უთქვამს ჩვენთვის. ჩვენთან ერთად ამოვიდა სემინარიის კიბეებზე.

ამ დროს მეუფე ზოსიმეს კაბინეტიდან გამოვარდა მისი მძღოლი და სულიერი შვილი, მისი სტიქაროსანი (გვარიც ვიცი, მაგრამ არ დავასახელებ) გადაჭრილი ფარიკაობის დაშნით. პირდაპირ ზვიადის წინააღმდეგ გაიწია. ხვდებით, ხომ, რაც დაგეგმეს? თითქოსდა ზვიად გამსახურდიამ მიგვაგზავნა, რადგან ჩვენ ერთად ვიყავით ეროვნულ მოძრაობაში და ვიცნობდით მას. იმ წუთში მეუფე ზოსიმეს მდივანი ელენე (გვარს არ დავასახელებ) გაიქცა მილიციაში, რომელიც იმჟამად სემინარიის გვერდით შენობაში მდებარეობდა. მოვიდა მილიცია, შეადგინეს აქტი, თითქოს ზვიად გამსახურდია თავს დაესხა მეუფე ზოსიმეს, თითქოს ცილი დასწამა. ზვიადი გაოგნებული იყო. მეუფე ზოსიმეს მორჩილი ორლესული მახვილით იწევდა ზვიადიზე, არ ვიცი, დაჭრა უნდოდა, მოკვლა უნდოდა, შეიძლება მოეკლათ კიდევაც.

მახსოვს, გადავეღობეთ, ზვიადის შეურაცხყოფის საშუალება არ მივეცით, სემინარიის სხვა სტუდნეტებიც შემოიკრიბნენ. გაიმართა შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც პოლიციამ შეადგინა აქტი. ზვიადი იყო გაოგნებული. ზვიადმა მიაძახა ზოსიმეს, იცოდე, არ შეგარჩენ ამას, როგორც კერატიშვილი გავაგდე ეკლესიიდან, ისე გაგაგდებ შენცო”, – ამბობს მღვდელი გიორგი სხილაძე.

როგორც ის ამბობს, სემინარიის ე.წ. მეამბოხე სტუდენტები მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და ზოსიმეს წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიას მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა სხილაძე ადასტურებს, რომ ისინი ზვიად გამსახურდიას კარგად იცნობდნენ და ეროვნულ მოძრაობაში მისი თანამოაზრეები იყვნენ.

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი