ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ტყუილებს იგონებს

21 აპრილი, 2015 • • 1283
ადვოკატის თქმით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ტყუილებს იგონებს

“2005 წელს მოქმდი რედაქციის მინიმალური ზღვარი ამ დანაშაულის ჩადენისთვის იყო 5 წლიდან, დღეს მოქმედი რედაქციით არის შვიდი წლიდან. მაშინ ამიხსნას ვინმემ, როგორ არის ეს ბრალდებულისთვის შემამსუბუქებელი გარემოება. ისინი ცდილობენ, რომ დაშვებული შეცდომა რამენაირად გამოასწორონ და საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია. ისინი არიან ჩიხში შესული და ამ ჩიხიდან გამოსასვლელად იგონებენ ტყუილებს. სხვა გზა არ აქვთ, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო მივა იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ შეწყვიტოს”, – ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.

 

გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული კანონის დაცვით. პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ სააკაშვილს იმ მუხლის მიხედვით წარუდგინა ბრალი, რომელიც ვალერი გელაშვილის ცემის დროს ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული.

 

პროკურატურას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ვრცელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე.

 

პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დღეს მოქმედი კანონი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2005 წელს მოქმედი კანონი ჯგუფურად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის სასჯელის სახით მაქსიმალურ ვადას აწესებდა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ახალი კანონი ამ ქმედებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ამსუბუქებს და აწესებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.

მიხეილ სააკაშვილი დვანში
მიხეილ სააკაშვილი დვანში

მასალების გადაბეჭდვის წესი