ახალი ამბები

ანტიჰომოფობური ბანერების განთავსებაზე უარი სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია

4 ნოემბერი, 2019 • 1360
ანტიჰომოფობური ბანერების განთავსებაზე უარი სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ დისკრიმინაციულად არ მიიჩნია კომპანია “ალმას” უარი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ “თანასროწობის მოძრაობა” ავრცელებს.

საქმე ეხება “ალმას” უარს 17 მაისს ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსების შესახებ, რომელიც “თანასწორობის მოძრაობამ” თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

კერძოდ, 2019 წლის 17 მაისს “თანასწორობის მოძრაობამ” საჯარო მანიფესტაციის გამართვის ნაცვლად გადაწყვიტა, რომ ჰომოფობია თბილისის მეტროსა და ავტობუსის გაჩერებებზე ბანერებით გაეპროტესტებინა.

კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციამ მოამზადა 11 ანტიჰომოფობიური ბანერი:

“პირველ ეტაპზე კომუნიკაცია კომპანია “ალმასთან” წარმატებით მიმდინარეობდა, შევადგინეთ ხელშეკრულება. კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კამპანია ჰომოფობიის საწინააღმდეგო იქნებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გავუგზავნეთ ვიზუალური მასალა, უარი განაცხადეს ბანერების განთავსებაზე და ხელშეკრულება გააუქმეს. კომპანიამ უარის ერთ-ერთ მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

“თანასწორობის მოძრაობის” შეფასებით, “ალმას” მხრიდან განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა. კერძოდ, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მან დაარღვია ხელშეკრულება და დაუსაბუთებლად უთხრა უარი  “თანასწორობის მოძრაობას” მომსახურების გაწევაზე:

“მათი თავდაპირველი პოზიციით ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ სოციალურ კამპანიებში ჩართვა და რეკლამების განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაცია, საპასუხოდ არაფერი მიგვიღია” ,- აცხადებენ “თანასწორობის მოძრაობაში”.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე “თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა წარადგინეს დოკუმენტაცია, რითიც დასტურდებოდა, რომ შპს “ალმას” ბანერებზე სხვადასხვა პერიოდში განთავსებული იყო სოციალური ხასიათის რეკლამები, უფრო მეტიც, პოლიტიკური შინაარსის პოსტერები:

“აღსანიშნავია, რომ “ალმას” აქვს, ფაქტობრივად, მონოპოლიური მდგომარეობა – ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, მეტროსა და ავტობუსის გაჩერებეზზე არსებული ბანერები მათი საკუთრებაა. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო ამძიმებს მათ უარს, რადგან ორგანიზაციას ფაქტობრივად დაეხშო საზოგადოებისთვის ხმის მიწოდების ყველა ეფექტური გზა”, – ვკითხულობთ “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“თანასწორობის მოძრაობა” გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი