ახალი ამბები

„ბრექსიტის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი: არჩევნებში კენჭს არ ვიყრი

3 ნოემბერი, 2019 • 839
„ბრექსიტის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი: არჩევნებში კენჭს არ ვიყრი

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჟი აცხადებს, რომ 2019 წლის 12 დეკემბრის არჩევნებში კანდიდატი არ იქნება და კენჭს არ იყრის.

ბრექსიტის პარტიის ლიდერმა BBC-ს განუცხადა, რომ „ძალიან ბევრი“ იფიქრა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, რომ მიზანს ასე უკეთ მოემსახურება.

„არ მინდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება პოლიტიკაში ვიყო“, — თქვა მან.

ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა ფარაჟის გადაწვყეტილებას „ცოტათი უცნაური“ უწოდა იმის გათვალისწინებით, რომ ბრექსიტის პარტია იმედს გამოთქვამს, რომ დიდ წინააღმდეგობას გაწევს არჩევნებში.

ფარაჟი, მართალია, ევროპარლამენტის დეპუტატია 1994 წლიდან, თუმცა ბრიტანეთის პარლამენტში შესვლა მან უკვე 7-ჯერ სცადა და 7-ჯერვე წარუმატებლად.

დეკემბერში არჩევნების ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია. ჯონსონმა 17 ოქტომბერს მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან ბრექსიტის საკითხზე, თუმცა პარლამენტმა უარი განაცხადა სწრაფი წესით შეთანხმების რატიფიკაციაზე.

ამის შემდეგ ჯონსონმა ევროკავშირს ხელმოუწერილი წერილი გაუგზავნა, სადაც ბრექსიტის საბოლოო ვადის გადაწევა სთხოვა. ევროკავშირმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საბოლოო ვადად 2020 წლის 31 იანვარი დააწესა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ამ ვადისთვის ბრექსიტი ვერ მოხერხდა, ევროკავშირმა შეიძლება კიდევ ერთ გადავადებას მხარი აღარ დაუჭიროს.

ბრექსიტი ისევ გადაიდო, ბრიტანეთის პრემიერი კი ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძვის

მასალების გადაბეჭდვის წესი