ახალი ამბები

შეუძლია თუ არა საქართველოს ტერორიზმთან გამკლავება – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

1 ნოემბერი, 2019 • 1387
შეუძლია თუ არა საქართველოს ტერორიზმთან გამკლავება – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს შეუძლია ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა და მასში სხვა სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოში შექმნილი ვითარებაც არის განხილული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წელს ISIS-ის მხარდამჭერთა რაოდენობა ქვეყანაში შემცირებულია. ანგარიშში მოხვდა ახმედ ჩატაევიც და თბილისსა და პანკისში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციებიც. დოკუმენტში საუბარია ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული პირების გასამართლებაზეც.

დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვილებებზე, რომელიც სხვა ქვეყნებთან გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

“ზოგადად, საქართველოს შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეჩერება და რეაგირება”, – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წელს ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების ორი შემთხვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც სუს-მა გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ეროვნულიმა ბანკმა 25 საფინანსო ინსტიტუტის ინსპექტირება განახორციელა, შედეგად, 6 პირს ბრალი წაუყენეს.

სახელმწიფო დეპარტამენტისვე შეფასებით, საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებსა და ღონისძიებებში, მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი