ახალი ამბები

“ემ ენ ჯორჯია” მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და დახმარებისთვის ივანიშვილს მიმართავს

20 აპრილი, 2015 • 2235
“ემ ენ ჯორჯია” მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და დახმარებისთვის ივანიშვილს მიმართავს

წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიამ თავისი პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ოფიციალური გზა გამოიყენა, რამაც შედეგი არ გამოიღო და სწორედ ამიტომ მიმართა ბიძინა ივანიშვილს.

 

ვახტანგ გოძიაშვილი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ მისი მიზანი არ არის, პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვიოს, თუმცა, თუკი მის საქმეზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდება, ამბობს, რომ  “საკმაოდ საინტერესო ფაქტებსაც დადებს”.

 

ღია წერილიდან, რომელსაც ხელს ვახტანგ გოძიაშვილი აწერს, ირკვევა, რომ “ემ ენ ჯორჯიას” მომსახურება უნდა გაეწია ამერიკული კომპანია “ჯორჯიან ამერიქან ელიოზის” შვილობილი ქართული კომპანია  “ჯორჯიან მანგანეზისთვის”. წერილის თანახმად, “ჯორჯიან მანგანეზთან” გაფორმებული, ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, “ემ ენ ჯორჯია” ამ კომპანიისთვის საქართველოში მანგანუმის მადნის მოპოვება–გადამუშავება–მოწოდების მომსახურების გაწევის ვალდებულებას იღებდა. 

 

წერილში აღნიშნულია, რომ “ემ ენ ჯორჯიას” საქმიანობა 2014 წლის აპრილში უნდა დაეწყო, რისთვსაც კომპანია მენეჯმენტის კუთხით, იურიდიულად და ტექნიკურადაც მზად იყო. ვახტანგ გოძიაშვილი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ხელისუფლების ჩარევის გამო თავისი საქმიანობა ვერ განახორციელა, რის შედეგადაც განიცადა რამდენიმე მილიონი დოლარის ზარალი და შეილახა კომპანიის რეპუტაცია.

 

წერილის თანახმად, განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე, “ჯორჯიან მანგანეზი” იძულებული გახდა სიტყვიერი მითითების სახით, “ემ ენ ჯორჯიასთვის” მოეთხოვა ურთიერთობის გარკვევა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც იყვნენ ჩართულნი და დაინტერესებულნი ამ საკითხით. კერძოდ, საუბარია გია გახარიასა და ზვიად ჯანყარაშვილზე.

 

გოძიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯანყარაშვილი და გახარია მხოლოდ შემსრულებლები არიან, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს:

 

“არც ჯანყარაშვილი, ამ შემთხვევაში, და არც გახარია არ იყვნენ მთავრი მოქმედი პირები, რომლებიც კონკრეტულად, თავისი ინიციატივით რამეს აკეთებდნენ. მაგრამ უშუალოდ მეც მოვისმინე გახარიასგან ეს სიტყვები, რომ შენ უნდა გადაიწიო ამ ბიზნესიდან,”– განაცხადა მან. 

 

ვახტანგ გოძიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისი მთავარი მოთხოვნებია, კომპანიას ზარალი აუნაზღაურდეს და მუშაობის საშუალება მიეცეს. თუკი ეს ასე არ მოხდა, ამბობს, რომ უფრო მეტ დეტალზე ისაუბრებს

 

“ახლა, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ დეტალურ სქემაზე, თუმცა გარწმუნებთ, რომ თუ ეს საჭირო გახდა, ღმერთმა დაიფაროს, მე არ მინდა იმიტომ, რომ ჩემი მიზანი არის ბიზნესის კეთება და არა პოლიტიკური აურზაურის გამოწვევა, თუ ეს გახდა საჭირო, საკმაოდ საინტერესო ფაქტებზეც ვისაუბრებთ და საკმაოდ საინტერესო ფაქტებსაც დავდებთ,”– განაცხადა მან.

 

წერილით “ემ ენ ჯორჯიას” მფლობელი ივანიშვილს თხოვს, რომ ჩაერიოს და ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს:

 

“იქამდე, სანამ თქვენ მოგმართავდით, ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გამოგვეყენებინა ყველა ოფიციალური გზა, თუმცა, უშედეგოდ. გამომდინარე თქვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ არ მოხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისადმი არანაირი ზეწოლა და ჩარევა ბიზნესსაქმანობაში, მოგმართავთ თხოვნით, ბატონო ბიძინა, ჩაერიოთ და დაგვეხმაროთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკითხის გარკვევაში და მოგვარებაში,”– მიმართავს  “ემ ენ ჯორჯიას” მფლობელი ივანიშვილს. 

 

ბიძინა ივანიშვილი - EPA/ABIR SULTAN
ბიძინა ივანიშვილი – EPA/ABIR SULTAN

ღია წერილში ვახტანგ გოძიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ივანიშვილის შეკითხვებს პასუხი გასცეს. 

 

 

“ნეტგაზეთი” “ჯორჯიან მანგანეზსაც” დაუკავშირდა, სადაც პიარ-დეპარტამენტის დირექტორის, ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, ის, რომ წერილის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, მათ გაოცებას იწვევს. მისი განცხადებით, ჯობდა კომპანიას სამართლებრივი გზისთვის მიემართა.

 

 

ზალიკაშვილის განცხადებით, კომპანია “ემ ენ ჯორჯიას” მართლაც აქვს ვალდებულებები აღებული, თუმცა ეს ვალდებულებები 11 თვის განმავლობაში არ სრულდებოდა.

 

“ჯორჯიან მანგანეზი” აცნობიერებს ამ რეალობას, რომ ეს არ არის ის დრო, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პატარა და დიდი ბიზნესები ტერორდებოდა და იჩაგრებოდა. პოლიტიკური ელფერის მინიჭება იმით, რომ ღია წერილის ადრესატი ამ შემთვევაში ბიძინა ივანიშვილი არის, ვფიქრობ, არ არის სწორი ადრესატის არჩევაც და არც, ასე ვთქვათ, თავისი სიმართლის მოსაძიებლადაც, მე ვგულისხმობ “ემ ენ ჯორჯიას”,”– განაცხადა მან. 

“ნეტგაზეთმა” ზალიკაშვილს კითხვა წერილის იმ ნაწილთან დაკავშირებითაც დაუსვა, სადაც საუბარია, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა”, განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე, “ემ ენ ჯორჯიას” სიტყვიერი მითითების სახით ჯანყარაშვილსა და გახარიასთან ურთიერთობის გარკვევა მოთხოვა. ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და მისთვის უცნობია, თუ ზეწოლის რომელ ფორმებზეა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი