ახალი ამბები

“გარკვეული ჯგუფები” – ვის ადანაშაულებს გახარია ეკლესიის პრობლემებში

1 ნოემბერი, 2019 • 1345
“გარკვეული ჯგუფები” – ვის ადანაშაულებს გახარია ეკლესიის პრობლემებში

“ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ირგვლივ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებით. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პარტიარქი ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი ხვალინდელი დღე”, – განაცხადა გახარიამ.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მთავარეპისკოპოსის სტატუსი შეუჩერეს და ეპარქია ჩამოართვეს. ეპისკოპოს საბა ინწკირველის თანახმად, რომელიც სინოდს ესწრებოდა, ეს ორივე დროებითი ღონისძიებაა.

მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო“ უწოდა და თქვა, რომ ილია მეორემ “ერთპიროვნულად მიიღო ეს უსამართლო გადაწყვეტილება”.

მან ასევე [ჰომოფობიური ტერმინოლოგიით] თქვა, რომ „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო დასაჯეს: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”, – განაცხადა მან.

ეპისკოპოს საბას თქმით, ეს „სიტყვიერი ბრალდებაა“ და პეტრე ცაავას მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „თუ აქვს, უნდა წარადგინოს. თუმცაღა, ასეთი მძიმე სიტყვიერი ბრალდება შოკისმომგვრელია“, — განაცხადა მან.

პეტრე ცაავამ მოგვიანებით თქვა, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის დროს, პატრიარქსა და იქ მსხდომ მღვდელმთავრებს სხთოვა, კრება მეორე დღემდე გადაეტანათ, ის კი თავისი სიტყვების დასამტკციებლაად 2 მოწმეს მოიყვანდა.

„მე მანამდე ვითხოვე და არ მომცეს საშუალება, მერე კი პატრიარქმა გამოაცხადა თავისი განჩინება. სჯულის კანონის თანახმად, თუ მე ეს სიტყვები ბრალდებად მეთვლებოდა ნებისმიერი იქ მსხდომის მიმართ, მათ შორის, სინოდის თავმჯდომარის მიმართ, 2-3 მოწმე საკმარისია, რომ დამტკიცებულად ჩაითვლოს ბრალდება“, — განაცხადა პეტრე ცაავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი