ახალი ამბები

ომბუდსმენი ყოფილი პატიმრის საავადმყოფოში გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვს

17 აპრილი, 2015 •
ომბუდსმენი ყოფილი პატიმრის საავადმყოფოში გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვს

ასევე, სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა პატიმრისთვის მიწოდებული მკურნალობის ადეკვატურობისა და დამდგარი შედეგის – გარდაცვალების თავიდან აცილების შესაძლებლობის არსებობის დასადგენად.

 

სახალხო დამცველის ცნობით, 2014 წლის 30 დეკემბერს აკადემიკოს ზ.ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში პატიმარ მ.დ.–ს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. ამავე დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების მორიგე ექიმმა ჩანაწერში დააფიქსირა, რომ „მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი გულმკერდის წინა კედლის ფლეგმონა, სეფსისი, რეკომენდირებულია მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 დაწესებულებაში“.

 

მოგვიანებთ, როგორც ომბუდსმენის განცხადებიდან ირკვევა, სასჯელაღსრულებისა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ პაციენტს დაავადების მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე სეფსისის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია, თუმცა არ განმარტა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების მორიგე ექიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის (მსჯავრდებულს დაესვა სეფსისის დიაგნოზი) საფუძვლები და გარემოებები.

 

2015 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მ.დ.–ს სამედიცინო დოკუმენტაცია მსჯავრდებულისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და მკურნალობის ხარისხის შეფასების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გადააგზავნა. 

 

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, პატიმარი მ.დ. სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 აპრილის დასკვნით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.  ამ დროისთვის ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. რამდენიმე საათის შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 16 აპრილს, 07:00 საათზე, მისი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი