ახალი ამბები

მეტი სინათლე და მოსამზადებელი სამუშაო უნდა ყოფილიყო პეტრეს გადაყენებამდე – მეუფე გრიგოლი

31 ოქტომბერი, 2019 • 1492
მეტი სინათლე და მოსამზადებელი სამუშაო უნდა ყოფილიყო პეტრეს გადაყენებამდე – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ პეტრე ცაავას გადაყენება ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან, ასევე, მისთვის ეპისკოპოსის სტატუსის ჩამორთმევა, “მეტ სინათლესა და მეტ მოსამზადებელ სამუშაოებს” იმსახურებდა.

მეუფე გრიგოლი დღეს გამართულ სინოდის სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერდა პეტრე ცაავას ეპისკოპოსობიდან გადაყენებას.

“ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო და მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია და როცა მღვდელმთავრის გადაყენება ხდება, მას ალბათ მეტი ინფორმაცია და მეტი მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს. ის, რაც მოხდა ახლა, ეს არ იყო ჩემთვის ცნობილი და საერთოდ, სინოდზე განსახილველი საკითხების ნუსხა.

იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი, როდესაც ასეთი უმძიმესი და ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია, ჩვენი არსებული რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და ჩვენი ქვეყნის სადღეისო და საამომავლო ჭრილში ბევრი რამაა დამოკიდებული”, – თქვა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან.

მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავა ეპისკოპოსობიდან გადააყენეს, მან პატრიარქი ილია მეორე ჰომოსექსუალობაში ჰომოფობიური ტერმინოლოგიით დაადანაშაულა.

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი