ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში მარგო მარტიაშვილის შვილს დედის დაკრძალვაზე შესვლის ნებართვა არ მისცეს

31 ოქტომბერი, 2019 • 2376
ახალგორში მარგო მარტიაშვილის შვილს დედის დაკრძალვაზე შესვლის ნებართვა არ მისცეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გარდაცვლილი ახალგორელ მარგო მარტიაშვილის დაკრძალვაზე, მის შვილს, რომელიც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, ახალგორში შესვლის ნებართვა არ მისცეს.

ნეტგაზეთის ცნობით, ახალგორში მცხოვრებმა ოჯახის ახლობლებმა მარგო მარტიაშვილის შვილის დაკრძალვაზე დასწრების თხოვნით ადგილობრივ გამგებელს, ვიტალი მამიტოვს მიმართეს, რომელმაც “პოლიტიკური სიტუაციის” მოტივით თხოვნაზე უარი უთხრა.

თავად გარდაცვლილი ქალის შვილი, მაია ჯანგირაშვილი ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში არ პასუხობს კითხვას, დაესწრება თუ არა დღეს დედის დაკრძალვას.

რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, გვიპასუხეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია მარგო მარტიაშვილის შვილის ახალგორში გადასვლასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ საკითხზე მათთვის არავის მიუმართავს.

ახალგორის რაიონის, სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა, იქამდე ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ვეღარ გადმოიყვანეს.

მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი