შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. ის 2 პოლიციელის მკვლელობისა და 2–ის დაჭრის ფაქტზე იძებნებოდა.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ბრალდებული განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 10 და 11 აპრილს მის მიმართ არაერთგზის განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში (ორთაჭალა), ისე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და საბადრაგო სამსახურის მანქანაში.
სახალხო დამცველის ცნობით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებში საქართველოს შსს–ს, საბადრაგო სამსახურისა და N8 დაწესებულების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ბრალდებულის განმარტებით, იგი შეძლებს დამნაშავე პირების ამოცნობასა და სახელების გახსენებას.
ომბუდსმენის აპატარის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 16 აპრილს შალვა აბულაძე მოინახულეს და ვიზუალური დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მას სხეულზე დაზიანებები აქვს.
ზეწოლიაზე შალვა აბულაძეც საუბრობდა. როგორც მან 11 აპრილს სასამართლო პროცესზე განაცხადა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, რომ აბულაძის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. ასევე, დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების ამოღება.
