ვანო მერაბიშვილმა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, კახა ნაკანს მიმართა და მოუწოდა, რომ მტკიცედ იდგეს. კახა ნაკანმა 15 აპრილს  გლდანის მერვე დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა

 

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვინც პოლიციელებს და რიგით თანამშრომლებს დევნის, ყველას პასუხს აგებინებს:

 

“მე მინდა მივმართო ნაკანს და ვუთხრა, რომ მტკიცედ იდგეს, პატარა ადამაინების ოცნებას ნუ აასრულებს. ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ნაკანის ასეთ დევნაში, ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ თემურ გუნავას წინააღმდეგ, ის ყველა ადამიანი, ვინც რიგითი თანამშრომლების წინააღმდეგ ახორციელებენ უკანონობას, ან კანონს ამოფარებულები ძალადობდნენ, პირადად მე ყველა მათგანს პასუხს ვაგებინებ. ეს არ არის პოლიტიკური. პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული ყველა ძალადობა იქნება ამნისტირებული, როგორი ძალადობაც არ უნდა იყოს ეს,”– განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

უგულავამ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებულ პატიმრობის უკანონობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლომ კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა. 

 

“ემოციურად თქვენ უნდა იყოთ დაძაბული, კონსტიტუციაზე დავლურს რომ ცეკვავთ. გინახავთ, მოსამართლეს მუხლი ვერ მიეთითებინოს? მე არ ვაპირებ საერთო სასამართლოებთან არანაირ თანამშრომლობას იმიტომ, რომ საერთო სასამართლოები საკონსტიტუციო სივრციდან არიან გასულები. კონსტიტუცია თქვენ ფეხქვეშ გათელეთ იმიტომ, რომ ივანიშვილის “ჩმორი” გახდა ეს უწყება. ჩემი დაპატიმრება, ვანოს დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მთელმა მსოფლიომ აღიარა უკვე ეს, გარდა სირაქლემის პოზაში მყოფი ჩვენი სასამართლოებისა. და თქვენ გინდათ პატივისცემა? როგორ უნდა მოიპოვოთ პატივისცემა? არ გაინტერესებს, რაც შავზე თეთრით წერია, იმიტომ, რომ ბიძინას ეგრე უნდა. როდესაც ადამიანს პოლიტიკური მიზეზით აპატიმრებ, მისი გათავისუფლებაც პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული და არა მოსამართლეზე,”– განაცხადა გიგი უგულავამ

 

უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის 9-თვიანი ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა, თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუზუსტა და კვლავ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კიდევ ერთხელ მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ფოტო –
ფოტო – ‘რუსთავი 2–ის’ ეთერიდან

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *