ახალი ამბები

საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება

31 ოქტომბერი, 2019 • 854
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის  სინოდის სხდომა იმართება. მღვდელმთავრები უკვე იკრიბებიან საპატრიარქოს შენობაში. სხდომა 12.00 საათზე უნდა დაიწყოს.

“სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება სინოდის წევრად და მის წმინდა სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა ორიოდ დღის წინ, როდესაც სინოდის სხდომის თარიღი გამოაცხადა.

მან ასევე უარყო ინფორმაცია ილია მეორის მიერ პატრიარქის პოსტის მოსალოდნელი დატოვების შესახებ.

“მინდა ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს და მეგობრულად გირჩიოთ, რომ სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. ისედაც საზოგადოება დაძაბულია, ელოდება ეკლესისაგან განმარტებების გაკეთებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ჩვენს საზოგადოებას. ეს ძაბავს ჩვენს საზოგაოდებას და იწვევს უარყოფითად მათ დამუხტვას. დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ პატრიარქი განარიდეს ქალაქს, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე”, – განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, პატრიარქი ხშირად ტოვებს დედაქალაქს და რამდენიმე დღეს ქალაქგარეთ რეზიდენციაში ატარებს.

სინოდის სხდომას წინ უძღოდა მთავარეპისკოპო იაკობის სკანდალური განცხადება, რომლის შემდეგაც ის ილია მეორემ გადააყენა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან. მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

სადისკუსიო თემაა ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსიც საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა მასზე საუბრობენ ეპისკოპოსები. უცნობია, შეეხება თუ არა ამ საკითხისაც სინოდის დღევანდელი სხდომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი