ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქტივისტებმა აფხაზური დროშებით იორდანიაში საქართველოს ელჩის გამოსვლის ჩაშლა სცადეს

29 ოქტომბერი, 2019 • 1739
აქტივისტებმა აფხაზური დროშებით იორდანიაში საქართველოს ელჩის გამოსვლის ჩაშლა სცადეს

ქალაქ ამანში “ქართული და ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის” შესახებ სემინარი, რომელიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა გახსნა, აფხაზური დროშებით ხელში, იორდანიის აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგენლებმა ღონისძიების ჩაშლა სცადეს.

გარდა ამისა, აქტივისტების ჯგუფი შენობის გარეთაც იმყოფებოდა დროშებითა და პლაკატებით.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვეთ, რაზეც გვიპასუხეს:

“ღონიისძიების მსვლელობისას იყო მცდელობა, იორდანიის აფხაზურ-აბაზინური დიასპორის მცირერიცხოვანი წარმომადგენლების მხრიდან ხელი შეეშალათ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის, რაც აღმოჩნდა სრულიად წარუმატებელი. სემინარმა ჩაიარა წარმატებით. ყველა გამომსვლელის პათოსი იყო მშვიდობიანი და უკონფლიქტო კავკასია”.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, ღონისძიებაში,  რომელსაც უმასპინძლა“ ჩერქეზულმა საქველმოქმედო ასოციაციამ“ ამანში, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა მკვლევრებმა, ასევე აშშ-სა და თურქეთში მოღვაწე გამოჩენილმა ჩერქეზმა მეცნიერებმა.

“გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს კავკასიური ერთობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების საქმეში. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესი საშუალებაა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში.

ღონისძიების მეორე ნაწილის ფარგლებში გაიმართა ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის წიგნის ” ჯაკომო პონტის” ჩერქეზული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ამანში. დავით მაღრაძემ წაიკითხა ნაწყვეტები ქართულ ენაზე, ხოლო საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენლება წაიკითხეს “ჯაკომო პონტის” ნაწყვეტები ჩერქეზულ და აფხაზურ ენაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი