ახალი ამბები

ადვოკატი: კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა კახა ნაკანმა თვითმკვლელობა სცადა

16 აპრილი, 2015 •
ადვოკატი: კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა კახა ნაკანმა თვითმკვლელობა სცადა

”წუხელ სცადა, საღამოს 9 საათზე,  სამარტოო საკანში არის დღიდან დაკავებისა. საპარსი სამართებლის გამოყენებით მარცხენა ხელზე გადაიჭრა ვენა,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს” კახა შონიამ.

 

ადვოკატის განცხადებით, ციხის პერსონალმა ეს დროულად შენიშნა და ნაკანი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შესაბამისი მკურნალობა დღესაც უტარდება.

 

როგორც კახა შონია ამბობს, თვითმკვლელობის მცდელობის მოტივი იყოს ის, რომ ნაკანს გლდანის მერვე დაწესებულებიდან ე.წ მატროსოვის ციხეში გადასვლა სურდა:

 

”ერთადერთი პრეტენზია გააჩნია ამ კაცს, რომ გადაიყვანონ ”მატროსოვის” ციხეზე და არ გადაყავთ. თვითმკვლელობის მცდელობის მოტივი იყო მისი ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა’”- განაცხადა ადვოკატმა.

 

კახა შონიას განცხადებით, ამ მოთხოვნით მიმართეს როგორც სახალხო დამცველს, ასევე, სასჯელაღსრულების სამინისტროს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. 

 

საქართველოს მთავრმა პროკურატურამ  2006 წელს ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე 2015 წლის დასაწყისში გამოაცხადა გახსნილად.ამ საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ყოფილი სპეცრაზმელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი