ახალი ამბები

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

29 ოქტომბერი, 2019 • 1217
31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ბოტკოველმა განაცხადა, რომ სინოდის სხდომას დაესწრება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობიც.

“სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება სინოდის წევრად და მის წმინდა სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მან ასევე უარყო ინფორმაცია ილია მეორის მიერ პატრიარქის პოსტის მოსალოდნელი დატოვების შესახებ.

“მინდა ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს და მეგობრულად გირჩიოთ, რომ სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. ისედაც საზოგადოება დაძაბულია, ელოდება ეკლესისაგან განმარტებების გაკეთებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ჩვენს საზოგადოებას. ეს ძაბავს ჩვენს საზოგაოდებას და იწვევს უარყოფითად მათ დამუხტვას. დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ პატრიარქი განარიდეს ქალაქს, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე”, – განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, პატრიარქი ხშირად ტოვებს დედაქალაქს და რამდენიმე დღეს ქალაქგარეთ რეზიდენციაში ატარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი