ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილი ქალის ნანატრი ბინა 101 წლის ასაკში და მოხსნილი სოციალური დახმარება

29 ოქტომბერი, 2019 • 3616
დევნილი ქალის ნანატრი ბინა 101 წლის ასაკში და მოხსნილი სოციალური დახმარება

ოროთახიანი ბინა თბილისში, ზღვის უბანში, აფხაზეთიდან დევნილმა, უსინათლო ტატიანა ჩუხუამ 2017 წელს, 101 წლის ასაკში მიიღო. სახელმწიფომ კი მალევე სოციალური დახმარება მოუხსნა საცხოვრებელი ადგილის გაუმჯობესების გამო. 

104 წლის ტატიანა ჩუხუას შესახებ ფეისბუკზე, აფხაზეთიდან დევნილთა ერთ-ერთი ჯგუფიდან შევიტყვეთ. 

აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა 104 წლის ქალი ლოგინად არის ჩავარდნილი. უკვე საუბარიც უჭირს და მისი გაგება მხოლოდ მის ერთადერთ მომვლელს, 72 წლის შვილს შეუძლია. 

დღესდღეობით ტატიანა ჩუხუას შემოსავალი მხოლოდ 200-ლარიანი პენსიაა. 

“თვეში 100 ლარის პამპერსი არ ჰყოფნის. წამლებზე აღარაფერს ვამბობ. ისეთ ასაკშია, ყველაფერი სტკივა და გამაყუჩებლებიც სჭირდება. კვებაც სხვანაირი უნდა ახლა ამას, ბულიონები, წვენები. ზოგჯერ ღომს და პომიდორსაც მომთხოვს. რა ვქნა, ცოცხალი ადამიანია და მინდა, არაფერი მოვაკლო დედას”, – გვიყვება ტატიანა ჩუხუას 72 წლის შვილი. 

101 წლამდე ტატიანა ჩუხუა თბილისში, დევნილთა ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდა და სოციალურ დახმარებას იღებდა. მისი შვილი ამბობს, რომ  “გამგეობაც ყოველთვე 100-200 ლარსაც ურიცხავდა”. 

კომპატური დასახლება თბილისში, სადაც 101 წლამდე ტატიანა ჩუხუა ცხოვრობდა

იმის გამო, რომ ქალი სოციალურთა ბაზაში ირიცხებოდა, როგორც ჩუხუას შვილი ამბობს, ქალს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდიც ეხმარებოდა მედიკამენტებითა და პროდუქტით – “აღდგომას და ახალ წელსაც პროდუქტს უგზავნიდნენ. ძალიან კარგად გვეხმარებოდნენ.  თავადაც პატარა ბავშვივით უხაროდა ხოლმე საჩუქრები, ისე ელოდა”. 

2017 წელს კი 100 წელს გადაცილებულ ქალს, ბინის გადაცემის პარალელურად სოციალური დახმარება და, შესაბამისად, ყველა შეღავათი მოუხსნეს. მხოლოდ წელს, წლიური დახმარების სახით, მერიამ 1000 ლარი ჩაურიცხა. 

რამდენიმე წლის წინ დევნილ ქალს ხელისუფლების წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ ხოლმე.

“მაგრამ ამაზეც მადლობელი ვართ, რომ საკუთარი ჭერი გვაქვს ამდენწლიანი წვალების შემდეგ”. 

თბილისის ზღვის უბანი, სადაც დევნილ ოჯახებს ბინების გადასცეს

ტატიანა ჩუხუა 1915 წელს გულრიფშში დაიბადა და ომამდე მთელი ცხოვრება სოხუმში გაატარა.  აფხაზეთის ომის დასრულებიდან ექვს თვეში სოხუმიდან თბილისში მარტო წამოვიდა. იმ დროისთვის მის შვილს და ოჯახს უკვე დატოვებული ჰქონდათ აფხაზეთი და გორში ცხოვრობდნენ.

მისი შვილი გვიყვება, რომ სანამ აფხაზეთში ომი დაიწყებოდა ტატიანას სოხუმში სათბურები ჰქონდა და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფრო  ადრე სოხუმში ბუღალტრად მუშაობდა. 

“ახლაც რომ ჰკითხოთ, გახსოვს თუ არა სოხუმიო, ყველაფერი ახსოვს, უბრალოდ, ვერ საუბრობს”. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ის დევნილები, რომლებიც სოციალურთა ბაზაში ირიცხებიან და სახელმწიფოსგან ბინას იღებენ, კვლავაც რჩებიან სოციალურთა ბაზაში, თუმცა უკვე გეგმური, წლიური მონიტორინგის დროს ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად ფასდებიან – მათ შორისაა საცხოვრებელი ფართი და პირობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი