უნარების გამოცდა მხოლოდ 9 მიმართულება/ფაკულტეტმა აირჩია

საქართველოს უნივერსიტეტებიდან ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, უნარები დამატებით საგნად მხოლოდ 3 უნივერისტეტის 9 საბაკალავრო მიმართულებამ აირჩია.

სამინისტრომ ეს ინფორმაცია პარლამენტარ სერგი კაპანაძეს მიაწოდა, რომელმაც უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართა. სულ ჩამონათვალში საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების 541 მიმართულებაა, რომელთაგან ამ დროისთვის უნარები მხოლოდ 9 მიმართულებამ აირჩია.

სამინისტრო ამბობს, რომ ამ ჩამონათვალში უნივერსიტეტებს დამატებითი ცვლილებების შეტანა ამა წლის დეკემბრის ბოლომდე შეეძლებათ. რაც შეეხება იმ მიმართულებებს, რომლებმაც ზოგადი უნარები დამატებით არჩევით საგნად უკვე შეარჩიეს, ესენია:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  – საერთაშორისო ურითერთობები
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  – სამართალი
  3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  – საერთაშორისო სამართალი
  4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართალი
  5. საქართველოს უნივერსიტეტი – ბიზნესადმინისტრირება
  6. საქართველოს უნივერსიტეტი – ბიზნესადმინისტრირება (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  7. საქართველოს უნივერსიტეტი – ეკონომიკა
  8. საქართველოს უნივერსიტეტი – საჯარო მმართველობა
  9. საქართველოს უნივერსიტეტი – ტურიზმი

სამინისტრო ამბობს, რომ 2020 წლიდან აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ, რაც გულისხმობს, რომ მათ მხოლოდ სამი სავალდებულო საგნის – ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია – ჩაბარება მოუწევთ.

აქედან მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე – “ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ,“.

უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

თუმცა, განსხვავებით სხვა ფაკულტეტებისგან, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტებისთვის ოთხი გამოცდა იქნება სავალდებულო:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა;
  • ბიოლოგია;
  • მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, სამინისტროს ინფორმაციით, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი – მათემატიკა ან ისტორია.

“ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება. გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა,“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს პასუხში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან