ახალი ამბები

კარგია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს ვეღარ დაგვაბრალებენ – მდინარაძე ინაშვილს

29 ოქტომბერი, 2019 • 1081
კარგია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს ვეღარ დაგვაბრალებენ – მდინარაძე ინაშვილს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ, ირმა ინაშვილმა იკამათეს და ერთმანეთი დაადანაშაულეს ბოკერია-სააკაშვილის ხელშეწყობაში თუ საერთო გზავნილების ტირაჟირებაში.

ირმა ინაშვილის კრიტიკა გამოიწვია მმართველი გუნდის წევრების განცხადებებმა, რომ ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობას მიიღებენ.

“მუდმივად გვესმის, რომ თურმე “ქართული ოცნება” აიღებს 60%-ს და ალბათ, 80%-ს და შესაძლოა, 95%-ს და რატომ არა 100%-ს?! თქვენ ხომ არავინ გჭირდებათ საერთოდ და აიღეთ 100%, დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს. ეს არის თქვენი რეალობას მოწყვეტილი, აბსურდული განცხადებები. არჩევნებამდე 1 წლით ადრე მიზანმიმართულად ლაპარაკობთ ასე, როცა რეალურად გაქვთ სულ 12-15%. ეტყობა არ დადიხართ რაიონებში, რომ რეალურად იცოდეთ, რა მხარდაჭერა გაქვთ”, – მიმართა ინაშვილმა “ქართულ ოცნებას”.

დეპუტატმა მმართველ გუნდს მოუწოდა, არჩევნების შედეგების წინასწარი დაანონსებისგან თავი შეიკავოს.

“ჩვენც გვაქვს გავლებული წითელი ხაზი თქვენთან. ვინმე გეხვეწებათ პარტნიორობას? მაგრამ რეალობას უნდა დაელოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვის და მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით – კოალიცია კი არა, სანატრელი გაგიხდებათ მოკავშირეები და არ გეყოლებათ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ: განიავდით! ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს. ეტყობა, ჩრდილოეთ კორეაში ხართ თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ “ქართული ოცნების” წყალობით და ხელშეწყობით ხელისუფლება ისევ არ ჩაიგდოს სააკაშვილმა და ბოკერიამ და ამ ჯგუფებმა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ “პატრიოტთა ალიანსი”  და  “ენმ”/”ევროპული საქართველო” საერთო გზავნილებს ახმიანებს.

“ქალბატონმა ირმამ გვითხრა, რომ 12-15%-ია ჩვენი მხარდაჭერა და თურმე სოფლებში არ დავდივართ. როდესაც რამდენიმე ასეული სოფელი ჩვენმა დეპუტატებმა მოაიარეს უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში”, – განაცხადა მდინარაძე.

მან ინაშვილს შეახსენა “ქართული ოცნების” მიერ 2016 წლის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული გამარჯვება.

“ახლა როგორც გინდა, ისე გავშალოთ და ვილაპარაკოთ, ვიღაცა მოისყიდეთ, დააშინეთ… ხალხი არ ლაპარაკობს ამას და ლაპარაკობთ მარტო თქვენ. ახლა “ევროპულ საქართველოსთან” და “ნაცმოძრაობასთან” ერთად თუ დაალაგებთ რაღაცა საერთო მესიჯს (შეთანხმებით არა, ისე სპონტანტურად), მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით. საერთო მესიჯი გამოგდით – მოსყიდვას ამბობთ თქვენც და ნაცებიც, დაშინებას ამბობთ თქვენც და ნაცებიც… კარგია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს ვეღარ დაგვაბარლებენ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი