ახალი ამბები

კოლუმბიის დედაქალაქის მერი ჰომოსექსუალი ქალი პოლიტიკოსი გახდა

28 ოქტომბერი, 2019 • 1005
კოლუმბიის დედაქალაქის მერი ჰომოსექსუალი ქალი პოლიტიკოსი გახდა

კლაუდია ლოპესი, რომელმაც საარჩევნო კამპანია საკუთარ “არაკორუმპირებულობაზე“ ააგო, კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას მერად აირჩიეს

მემარცხენე ცენტრისტმა ლოპესმა არჩევნებში ხმათა 35,2% მიიღო და მცირე სხვაობით დაამარცხა ოპონენტი ლიბერალური პარტიიდან, კარლოს ფერნანდო გალანი, წერს BBC.

ბრიტანული გამოცემის თქმით, დედაქალაქის მერობას ბევრი მიიჩნევს ყველაზე გავლენიან თანამდებობად კოლუმბიის პრეზიდენტის შემდეგ.

პოლიტიკოსობამდე ლოპეზი ჟურნალისტი იყო, ამჟამად არის მწვანე ალიანსის პარტიის წევრი. სამშობლოში ცნობილია მემარჯვენე პოლიტიკოსების კრიტიკით და კორუფციასთან ბრძოლაში მონაწილეობით. ამომრჩევლებს იგი დაჰპირდა ქუჩებში მეტი პოლიციელის გამოყვანას, ბავშვთა შრომასთან ბრძოლას და 45 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

“ეს ქალის დღეა. ვიცოდით, რომ მხოლოდ გაერთიანებით შევძლებდით მოგებას. ასეც მოვიქეცით. გავერთიანდით, მოვიგეთ და ისტორია დავწერეთ!“, – უთხრა ლოპესმა მხარდამჭერებს გამარჯვების შემდეგ.

დედაქალაქის მერის არჩევნებთან ერთად, წარმომადგენლები ხელისუფლებაში აირჩიეს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, შვიდი კანდიდატი მოკლეს, ათეულობით კანდიდატზე თავდასხვა მოაწყვეს და 100-ზე მეტმა მუქარა მიიღო. თუმცა, როგორც კოლუმბიის მთავრობა აცხადებს, ბოლოდროინდელ არჩევნებში ამ კენჭისყრამ ყველაზე მშვიდობიანად ჩაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი