ახალი ამბები

ნათია თურნავა: “ტავ ჯორჯიას” ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით”

28 ოქტომბერი, 2019 • 2007
ნათია თურნავა: “ტავ ჯორჯიას” ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და “ტავ ჯორჯიას” ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეულ ვადას აძლევს.

ნათია თურნავამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე, ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა.

“რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით “ტავ ჯორჯიას”. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ ჯორჯია“ ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისები, იგივე კაფეები და რესტორნები, რომლის ინტერიერიც კარგახანია აღარ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს.

“დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მივეცი გარკვეული ვადა “ტავ ჯორჯიას”. მინდა გითხრათ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ, რამდენად ხდება პრობლემების აღმოფხვრა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი