ქუცნაშვილის თქმით, ის, რომ ქართული მართლმსაჯულების ინტერესები გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწირება, განსაკუთრებით ნათლად ჩანს ქართული მხარის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილის მაგალითზეც, რომელსაც არც ინტერპოლი ეძებს და არც უკრაინა აპირებს ექსტრადაციას:
“ჩვენ მოგვიწევს ამ ცუდი, მაგრამ ობიექტური რეალობისათვის თვალის გასწორება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში აღარ არის. ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილის შესახებ მონაცემები აღარ იძებნება.
როგორც ნეტგაზეთს ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, დაცვის მხარე პერიოდულად უგზავნიდა ინტერპოლს საქმის მასალებს ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით და ცდილობდა იმის დადასტურებას, რომ ადეიშვილი საქართველოში პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი, თუმცა, ადვოკატის თქმით, ინტერპოლისაგან საბოლოო პასუხი არ მიუღია. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო ასეთი მიმოწერა ინტერპოლთან 4 თვის წინ ჰქონდა.
რატომ წაიშალა ვებგვერდიდან მონაცემები და შეწყვიტა თუ არა ინტერპოლმა ადეიშვილის ძებნა? – ამ საკითხზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ. პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირება კი ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო.
