როგორც ნეტგაზეთს ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, დაცვის მხარე პერიოდულად უგზავნიდა ინტერპოლს საქმის მასალებს ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით და ცდილობდა იმის დადასტურებას, რომ ადეიშვილი საქართველოში პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი, თუმცა, ადვოკატის თქმით, ინტერპოლისაგან საბოლოო პასუხი არ მიუღია. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო ასეთი მიმოწერა ინტერპოლთან 4 თვის წინ ჰქონდა.


რატომ წაიშალა ვებგვერდიდან მონაცემები და შეწყვიტა თუ არა ინტერპოლმა ადეიშვილის ძებნა? – ამ საკითხზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ. პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირება კი ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში  გადაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს.

 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადეიშვილი უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.

 

მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა.

 

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, გია გეწაძის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს ექსპერტის სტატუსით.


ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა ერთდროულად დაიწყო. ორგანიზაციის ვებგვერდზე კეზერაშვილი კვლავ ძებნილადაა მოხსენიებული, ხოლო ადეიშვილი – არა.


ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *