აუდიტის ანგარიშის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა საჭიროა შპს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, რომლის მშენებლობაზეც 2012 წელს თითქმის მილიონი ლარი დახარჯა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში საწარმომ სუბსიდიის სახით მუნიციპალური ბიუჯეტიდან 193 ათასი ლარი მიიღო.
“საწარმო ფიზიკური და იურიდიული პირებისგან იბარებს საკვებ ნარჩენებს, გარდაქმნის ორგანულ სასუქად და ახდენს მათ რეალიზაციას. ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები შპს-ს საქმიანობის სარგებლიანობის შესახებ, ასევე, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მსგავსი შპს-ს შექმნა და მასზე დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაწევა”,-ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციითვე, ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო მუნიციპალიტეს ინფორმაციას არ წარუდგენს წლის განმავლობაში გადამუშავებული ორგანული ნარჩენებისა და წარმოებული მზა პროდუქციის შესახებ. შესაბამისად, მერიას არ აქვს შესწავლილი და გაანალიზებული, შპს-ს ფუნქციონირების შედეგად, რა ეკონომიკური ან ეკოლოგიური სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა.
“საწარმოს ფინანსური წელი დამთავრებული აქვს ზარალით, კერძოდ, 2017 წელს ზარალმა შეადგინა – 47.4 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს – 51.9 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას საწარმოს ფინანსური ოპერაციების შესახებ და არ აქვს შესწავლილი და გაანალიზებული ზარალის გამომწვევი მიზეზები.
ამრიგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი ისეთი საწარმოს დასაფინანსებლად, რომლის საქმიანობის მიზანშეწონილობისა და სარგებლიანობის შესახებ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასაბუთებული ინფორმაცია”,-წერია მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018
წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.
ამის საფუძველზე აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ საწარმოზე დახარჯული დიდი ოდენობით
საბიუჯეტო სახსრები წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.
