ახალი ამბები

არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთში ელჩად ინიშნება

25 ოქტომბერი, 2019 • 3559
არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთში ელჩად ინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთში საქართველოს ელჩად ინიშნება.

საქართველოს პრეზიდენტისთვის ესტონეთში ელჩის თანამდებობაზე არჩილ ყარაულაშვილის წარდგენის შესახებ მთავრობის განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთში ელჩად 11 ნოემბრიდან ინიშნება.

მანამდე აღნიშნული თანამდებობა თეა ახვლედიანს ეკავა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

არჩილ ყარაულაშვილი წლების განმავლობაში იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატის ხელმძღვანელი.

საქართველოს პრეზიდენტისთვის ასევე წარდგენილია წინადადება ორი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2020 წლის პირველი იანვრიდან პოსტს დატოვებს საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი იოსებ ნანობაშვილი, 2019 წლის 20 დეკემბრიდან კი – კუბაში საქართველოს ელჩი გია ნიკოლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი