ახალი ამბები

5 NGO შალვა აბულაძის მეგობრის დაკავებაზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს

13 აპრილი, 2015 • • 1154
5 NGO შალვა აბულაძის მეგობრის დაკავებაზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი აცხადებენ, რომ მამედოვის ახლობლების განცხადებები არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, თუმცა უცნობია, დაინტერესდა თუ არა პროკურატურა აღნიშნული საქმით და დაიწყო თუ არა გამოძიება.
 
 
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მამედოვის დაკავების ფაქტის ირგვლივ გავრცელებული ცნობები მძიმე დანაშაულის სავარაუდო ჩადენაზე: იძულებაზე, მუქარაზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, პასუხისგებაში უკანონო მიცემაზე მიუთითებს.
 
 
დაკითხვაზე მყოფი პირების მხრიდან კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მითითება გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველია, რაც ავალდებულებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და გამოარკვიოს, რამინ მამედოვს ნარკოტიკული საშუალებების განზრახ ჩაუდეს თუ არა, აცხადებენ ორგანიზაციები.
 
 
არასამთვრობოები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მამედოვი თავიდან არ აღიარებდა წაყენებულ ბრალს, თუმცა აღნიშნული პოზიცია სასამართლო სხდომაზე მოულოდნელად შეცვალა, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილებოდა.
 
 
რ. მამედოვის მიერ ბრალის აღიარებას მოჰყვა პროკურორის პოზიციის ცვლილება და მისი მხრიდან, პატიმრობის ნაცვლად, გირაოს გამოყენების მხარდაჭერა. ბრალდებულისა და პროკურორის ამგვარი მოქმედება აძლიერებს რ. მამედოვის ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ეჭვებს მამედოვისთვის სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკის ჩადებისა და იძულების სხვა ფორმების გამოყენების თაობაზე, ამბობენ ორგანიზაციები.
 
 
“შალვა აბულაძის ძებნის პროცესში მისი მეგობრის პასუხისგებაში მიცემა და ამ საქმის ირგვლივ გაჩენილი ეჭვები, ასევე სამართალდამცავების მიერ მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაკითხვა და ამ პროცესთან დაკავშირებით მამედოვის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები აჩენს ეჭვებს ბრალდებულ შალვა აბულაძის ძებნის პროცესში სამართალდამცავების მიერ გამოყენებული მეთოდების კანონიერების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ეჭვებსა და შეკითხვებს დროული და მიუკერძოებელი გამოძიების შედეგებით უპასუხოს”, – წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
 

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის მეგობრის რამინ ლ მამედოვის ოჯახმა 10 აპრილს განაცხადა, რომ სამართალდამცავები მათზე ზეწოლას ახორციელებენ და დაჭერით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან.

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე/10.05.15
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე/10.05.15

მასალების გადაბეჭდვის წესი