„დავდგეთ ერთად ხადის ხეობის გადასარჩენად!“ — შაბათს ხადაში აქცია იგეგმება

შაბათს, 26 ოქტომბერს, დღის 12 საათზე, ხადის ხეობაში აქცია იგეგმება ხეობაში გზისა და გვირაბების მშენებლობის წინააღმდეგ.

„თითოეულ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ არა მარტო ხადის, არამედ მთელი ქვეყნის წარსულისა და მომავლის დასაცავად“, — წერენ აქციის ორგანიზატორები.

„მთა ერთობით მოდიოდა და ერთობით უნდა გავაგრძელოთ სვლაც, ბრძოლაც და ცხოვრებაც“;

აქციის ორგანიზატორია გაერთიანება „დაიცავი ხადის ხეობა“, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და გარემოსდამცველ აქტივისტებს აერთიანებს.

ორგანიზატორები ყველას სთხოვენ, პროტესტს შეუერთდნენ: „თითოეულ მოქალაქეს გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და გადავარჩინოთ ჩვენი წარსული ხადაში“.

რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილი მშენებლობა, რასაც ეს აქცია უპირისპირდება, დიდ თავისტკივილს უჩენს ადგილობრივებს, გარემოდამცველებსა და კულტურული მემკვიდრეობის მცველებს.

  • სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მხოლოდ 5.6 ლარი ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში; მიწაში, რომელსაც, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი ამბობს, საერთოდ არ უპირებენ გაყიდვას;
  • მაგისტრალის ამ პროექტისთვის საჭირო, რამდენიმე შემთხვევაში „სახელმწიფოს მიერ მიტაცებული მიწა“, როგორც ამას ტრადიციული მესაკუთრეები უწოდებენ;
  • უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — IX-XI საუკუნეების დროინდელი ძეგლები: ძველი ქვა-ჯვრები, ეკლესიები, სალოცავები, შესაძლოა, ჯერაც აღმოუჩენელი არტეფაქტები და სხვადასხვა დროის საფლავები — რასაც სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს;
  • გზა-ხიდ-გვირაბების მშენებელი კომპანიია, რომელსაც მსოფლიო ბანკისაგან სანქციები აქვს დაწესებული;
  • აუთვისებელი ეკოტურისტული პოტენციალი, რომელიც შეიძლება გაქრეს;

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რის გამოც ქვეშეთი-კობის გზის მოწინააღმდეგეები მთავრობას ამ მონაკვეთის ალტერნატივის მოფიქრებისკენ მოუწოდებენ, ზოგიერთი მათგანი კი ამ ალტერნატივას თავად სახავს. რით პასუხობს ამ მოთხოვნას სახელმწიფო, რომელიც მრავალწლიანი სესხით აშენებს მაგისტრალს?

წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი ხადის ხეობიდან:

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

გაეცანით ასევე გიორგი როსტიაშვილის ისტორიას:

გზა რუსეთისკენ საფრთხეა ჩემი სახლისთვის – გიორგი როსტიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com