ახალი ამბები

იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს მიმართავს, ანა დოლიძე გაიწვიოს

25 ოქტომბერი, 2019 • 2229
იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს მიმართავს, ანა დოლიძე გაიწვიოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს.

როგორც “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, აღნიშნული წინადადება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა და მიზეზად ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა დაასახელა.

ანა დოლიძე საბჭოს ამ ქმედებას საკუთარ აქტიურობას უკავშირებს. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მოვალეობას 2016 წლის ივნისიდან ასრულებს. დოლიძე საბჭოში საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, მას ჰკითხეს, ხომ არ გეგმავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის გამოწვევას, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მიერ იყო წარდგენილი. საპასუხოდ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამის მიზეზს იმ დროისთვის ვერ ხედავდა:

“მე დღეს ვერ ვხედავ [მიზეზს] და არ ვიცი, ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ დღეს ვერ ვხედავ, რა მიზეზით უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი