ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი ფაფიაშვილი გენდერულ კვოტირებას არ ემხრობა

25 ოქტომბერი, 2019 • 5011
უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი ფაფიაშვილი გენდერულ კვოტირებას არ ემხრობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ლალი ფაფიაშვილის თქმით, გენდერულ კვოტირებას არ ემხრობა.

ფაფიაშვილი განმარტავს, რომ ქალებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მიეცეთ და მათთვის ისეთივე ადვილი უნდა იყოს, მაგალითად, პოლიტიკაში შესვლა, როგორც ეს კაცებისთვის არის.

“შესაძლებლობა თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა ხორციელდებოდეს კვოტირების გზით. ზოგადად მიმაჩნია, რომ თუ შესაძლებლობა თანაბარია, ამ შემთხვევაში კვოტირების საჭიროება არ არსებობს. ვფიქრობ, სიაში პირის შეყვანა იმის გამო კი არ უნდა ხდებოდეს, რომ ის სქესის მიხედვით იმსახურებს ამას, ან იქიდან გამომდინარე, რომ კანონი ითვალისწინებს. არამედ ამ ქალებს უნდა მიეცეთ სრულყოფილი რეალიზაციის საშუალება. ანუ ღია უნდა იყოს შესაბამისი სფეროები ქალებისთვის. მათთვისაც ისეთივე ადვილი უნდა იყოს პოლიტიკაში შესვლა, როგორც ეს მამაკაცებისთვისაა”,-განაცხადა კომიტეტზე ფაფიაშვილმა.

დეპუტატ ნინო წილოსანის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ მოსამართლეობის კანდიდატმა განმარტა, რომ შესაძლოა, კვოტირება დროებითი ღონისძიების სახით მიიღონ, თუმცა, მისი აზრით, საბოლოოდ, ქალების ჩართულობა მაინც მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული:

“პოზიტიური დისკრიმინაცია დროებითი ღონისძიების სახით შეიძლება იქნას გამოყენებული იმ მიზნით, რომ ამ ქალების წახალისება მოხდეს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს თავად ქალების აქტიურობაზეა დამოკიდებული. რამდენად აქტიურები არიან ისინი, რამდენად გამოდიან იმ სტიგმიდან, რაც ზოგადად არის ჩამოყალიბებული.”

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 23 მარტს კვოტირების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო – მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, კვორუმი კი 75 იყო.

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვავებული სქესის ყოფილიყო, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი