“მამუკა ხაზარაძის მიმართ ვაწყობდი ხოლმე აქციებს ბორჯომში “ბორჯომის წყალთან” დაკავშირებით. პირველი და ყველაზე დიდი მტერი, საიდანაც ეს ყველაფერი წამოვიდა, იყო ეგ,”– განაცხადა სასამართლო პროცესზე შალვა აბულაძემ.
აბულაძე ამბობს, რომ მის მეგობრებსა და ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება, ასევე საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლესაც.
“ჩემი მეგობრები, ჩემი 19 წლის საცოლე 3 თვის წინ აწამეს, ფეხმძიმე. 19 წლის გოგოს რომ აწამებენ, გალახავენ და არაადამიანურად მოექცევიან. ჩემს სასტუმროში “ლიმონკები” შეყარეს, ააფეთქეს, რესტორანი დამიწვეს და საფრთხე არ მემუქრება?”– განაცხადა აბულაძემ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო შალვა აბულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა. სასამართლომ აბულაძე პატიმრობაში დატოვა.
აბულაძის ადვოკატი, არჩილ ჩუბინიძე დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
“შალვა აბულაძის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ემუქრება საფრთხე. კერძოდ, ეს საფრთხე მომდინარეობს მამუკა ხაზარაძის მხრიდან. ამიტომაც, ბრალდებულის სურვილია, დარჩეს პატიმრობაში და შემდგომში გამოძიებას მიცეს დასაბუთებული და ჩამოყალიბებული ჩვენება,”– განაცხადა ადვოკატმა.
შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. სპეცოპერაცია ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ჩატარდა. შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით, გიორგი მახარაშვილის და ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ბრალდებით.
