ახალი ამბები

შალვა აბულაძე აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

11 აპრილი, 2015 •
შალვა აბულაძე აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

აბულაძის განცხადებით, მისი მეგობრები და 19 წლის საცოლე აწამეს, ასევე, რესტორანი დაუწვეს.

 

“ჩემი მეგობრები, ჩემი 19 წლის საცოლე 3 თვის წინ აწამეს, ფეხმძიმე. 19 წლის გოგოს რომ აწამებენ, გალახავენ და არაადამიანურად მოექცევიან. ჩემს სასტუმროში “ლიმონკები” შეყარეს, ააფეთქეს, რესტორანი დამიწვეს და საფრთხე არ მემუქრება? ეს ფაქტები ხომ ყველამ იცის, გაზეთებში დაიწერა, პროკურატურაში დევს, ყველამ იცის და საფრთხე როგორ არ მემუქრება. გამარჯობა ვინც მითხრა, იმათ ასე მოექცნენ და მე არ მემუქრება საფრთხე? კარგით, რა. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით,”– თქვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე. 


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო შალვა აბულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა. სასამართლომ აბულაძეს პატიმრობა შეუფარდა.


შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. სპეცოპერაცია ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ჩატარდა. შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით; ასევე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ბრალდებით.



მასალების გადაბეჭდვის წესი