სალომე ადეიშვილი აშშ-ში არ გაქცეულა და იქ არც თავშესაფარს მოითხოვს — ნაცნობი იურისტი

ყოფილი პროკურორი სალომე ადეიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურის სისტემაში შრომითი უფლებების დარღვევაზე, სექსუალურ შევიწროებასა და მიუღებელ დავალებებზე დაწერა პოსტი, აშშ-ში არ გაქცეულა, იქ უბრალოდ უკეთეს გარემოში წავიდა და იქ არც თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს, — აცხადებს იურისტი თამარ აბესაძე, რომელიც ამბობს, რომ ადეიშვილს ესაუბრა.

ყოფილმა პროკურორმა სალომე ადეიშვილმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, რამდენიმე დღის წინ პროკურატურა ნეპოტიზმში, სექსუალურ შევიწროებაში, შერჩევით სამართალში, უკანონი დავალებებსა და შრომითი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. იგი მედიასთან ამ საკითხებზე დამატებით არ საუბრობს.

იურისტმა თამარ აბესაძემ 24 ოქტომბერს ტვ პირველზე განაცხადა, რომ სალომე ადეიშვილმა ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მისწერა, რომ არ ეგონა, მის პოსტს თუ „ასეთი ამბავი მოჰყვებოდა“, მაგრამ მას ისიც არ უფიქრია, რომ ეს პოსტი „აიღოს“.

„სალომე ადეიშვილი არ გაქცეულა. მან მიიღო გადაწყვეტილება, ალბათ, უკეთესი პირობების გამო, რათა უკეთესი გარემო ჰქონოდა… ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილებაა და არა გაქცევა… ეს არ იყო რაიმე განზრახვით დადებული პოსტი, ეს იყო მისი გულისტკივილი“, — განაცხადა აბესაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში.

„ისიც მინდა გითხრათ, რომ არც მშიშარა არ არის და არც თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს“, — დასძინა მან.


„ნეტგაზეთს“ პროკურატურაში უთხრეს, რომ ადეიშვილი პროკურატურაში 2013 წლის აპრილიდან მუშაობდა, 2019 წლის 15 ოქტომბრიდან კი სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


სალომე ადეიშვილმა კი Facebook-ზე დაწერა:

“იმიტომ, რომ 4-5 წლის მერე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებ და ვეღარ ვითარდები; იმიტომ, რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის “ გაერშე შუშის ჭერი კი არა, ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით);

იმიტომ, რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს (ახლა მით უმეტეს);

იმიტომ, რომ 7-ზე თუ მიდიხარ, უსაქმური ხარ, თუმცა ღამის 3-ზე გასვლაც პრობლემაა – ესე იგი ოფიციალურად დადგენილ დროში ვერ ასწრებ მუშაობას და უუნარო ხარ;

იმიტომ, რომ დრესკოდი უნდა დაიცვა, მაგრამ ვინც ამ დაცვას გიკონტროლებს, მათზე წესები არ მოქმედებს;

იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან, ან უხმოდ ითმენენ;

იმიტომ, რომ ყოველი თვის ბოლოს „ღმერთი“ თავის სტატისტიკას ითვლის და რა მნიშვნელობა აქვს, “შესაწირი“ ვარგისია თუ არა;

იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭირო იქნება, გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს, რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;

იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი, იმ გადაყწვეტილებაზე, წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს;

იმიტომ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ჟურნალისტებთან გამოსაჩენი არ ხარ, რადგან ამოღამებული თვალები და უძილობით ანგრეული სახე გაქვს სწორედ იმ გახმაურებული საქმის გამო. სამაგიეროდ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველთვის მოიძებნება ნაშის ვიდიანი თანამშრომელი, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ საქმეზე, რომელსაც არ იცნობს. შენი ოფლით და ნერვების დაგლეჯით დაყენებული შედეგის გამო საყოველთაო აღიარებას ის მიიღებს;

იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ;

იმიტომ, რომ სპეციალიზაცი(ებ)ის გამო ლამის ყველა საქმე შენია, მაგრამ სამართლიან გადანაწილებაზე არავინ ფიქრობს;

იმიტომ, რომ არ დასჭირდეთ, თორემ საქმეში გამომძიებლის შეცდომა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოწმის „გადაბრუნება“, მტკიცებულებების ბუნებრივი არარსებობა, გლობალური დათბობა, ორივე მსოფლიო ომი, სამოთხიდან ადამიანების გამოდევნა შენი ბრალია;

იმიტომ, რომ წლების განმავლობაში განუწყვეტელ უძილობას, სტრესს, ლანძღვა-გინებას, წყევლას, მუქარას, ვადებზე ნერვიულობას, უჭმელობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, შენი ქვემდგომი სისტემის ჭკუაზე სიარულს, უსამართლობას, უუნარობას, როგორ ვერ უძლებ! რატომ ითხოვ ადამიანურ პირობებს? რატომ ითხოვ თანაბარ გადანაწილებას? რატომ ითხოვ კადრის დამატებას? თქვენ ხომ ისედაც საქმე არ გაქვთ!;

იმიტომ, რომ სხვაგან გადასვლა თუ გინდ, ჩუმად უნდა მოაგვარო, თუ არადა დაგბლოკავენ;

იმიტომ, რომ უსამართლობას აპროტესტებ? არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!”, – წერს ადეიშვილი და პოსტს ასრულებს P.S.-ით: “არადა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა და დიპლომ(ებ)ი მაქვს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com