ახალი ამბები

ყარამანიშვილებმა რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გადასინჯვა ითხოვეს

24 ოქტომბერი, 2019 • 1112
ყარამანიშვილებმა რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გადასინჯვა ითხოვეს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რ2-ის ყოფილი მფლობელები არიან ბიზნესმენი ძმები ყარამანიშვილები და მათთან დაკავშირებული TV საქართველო.

ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მომჩივანი მხარის მოთხოვნას საქმის დიდი პალატის მიერ გადასინჯვის შესახებ, დადგენილი წესით, განიხილავს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია,  რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დასაშვებად იქნება თუ არა ცნობილი მოცემული მოთხოვნა და თავიდან განიხილავს თუ არა საქმეს ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.

“ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დამატებით არგუმენტაციის ან შესაგებლის წარდგენის საჭიროება არ არის. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას აცნობებს ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსგავსი თხოვნების მხოლოდ დაახლოებით 5%-ს აკმაყოფილებს’, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:

• დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;

• 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან- თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;

• ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვენეტაძესთან დაკავშირებით;

• ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.

• ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი