ახალი ამბები

გარანტირებულ შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობა მცირე ჰესებს შეღავათს სთავაზობს

24 ოქტომბერი, 2019 •
გარანტირებულ შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში, მთავრობა მცირე ჰესებს შეღავათს სთავაზობს

მცირე ჰესების მშენებელ კომპანიებს, რომლებიც გარანტირებულ შესყიდვას არ მოითხოვენ, შეღავათით ისარგებლებენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, ამ კომპანიებისთვის სამშენებლო გარანტიის თანხა 10-ჯერ მცირდება. მინისტრი განმარტავს, რომ ამით სახელმწიფო პოტენციურ ინვესტორებს “მათ განკარგვაში მეტ რესურს უტოვებს, რომელიც ჰიდროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას მოხმარდება.”

“მთავრობის სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშემწყობი გადაწყვეტილება მცირე ჰესებისთვის. ის მცირე ჰიდროელექტროსადგურები და მათი განმავითარებელი ინვესტორები, ვინც სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას არ მოითხოვს და ასეთები ბოლო დროს საკმაოდ ბევრია, ამ კატეგორიისთვის ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები მცირდება. თუ აქამდე ჰესის მფლობელი კომპანია 1 მეგავატზე 100 000 დოლარს იხდიდა, ამ შემთხვევაში მას 10-ჯერ ნაკლები, ანუ 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს”, – აცხადებს მინისტრი.

სამშენებლო გარანტია“ ნიშნავს სამშენებლო ფაზის ფარგლებში კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილ საბანკო გარანტიას. ნეტგაზეთი სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა, რატომ უნდა უნდოდეთ მცირე ჰესების მშენებელ კომპანიას/ინვესტორს სამშენებლო გარანტიის ნაწილში შეღავათის გამო უარი თქვას გარანტირებულ შესყიდვაზე. ამ კითხვაზე პასუხს სამინისტროსგან ამ დრომდე ველოდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი