ევროპის საბჭოს პროექტის “სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ACT-მ კვლევა ჩაატარა და შეისწავლა, თუ რატომაა ქალთა წარმომადგენლობა დაბალი საქართველოს საერთო სასამართლოების მართვის რგოლში.
კვლევის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 306-ს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ აქედან 53,3% ქალია, კვლევის ავტორების განცხადებით, მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე ბევრად დაბალია. კერძოდ, 26 სასამართლოს თავმჯდომარიდან მხოლოდ 4-ია ქალი, 9 პალატაში თავმჯდომარის პოსტი მხოლოდ 2 ქალს უკავია, კოლეგიის ყველა თავმჯდომარე კი კაცია.
სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლიდან პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ქალი და კაცი მოსამართლეების რიცხვი თითქმის თანაბარია და წლიდან წლამდე ნაკლებად იცვლება. რაც შეეხება მესამე ინსტანციას, ACT-ს კვლევაში ვკითხულობთ, რომ იქ მამაკაცი მოსამართლეების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება ქალებისას.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 2014-დან 2016 წლამდე ქალი მოსამართლეების რაოდენობა უზენაეს სასამართლოში 21%-დან 38%-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის სასამართლოში ქალ მოსამართლეთა წილი 36%-ია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა გენდერული ბალანსის საერთო სურათი პოზიტიურია (53,3% ქალი მოსამართლე), ეს მაინც არ იძლევა დადებითი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, ეფუძნება რა გენდერული ბალანსის ვიწრო განმარტებას:
“როგორც აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2018 წლის ანგარიშში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შესახებ, გენდერული თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნისას წაახალისებდა ქალ მოსამართლეებს, რომ გამოეთქვათ ამ პოზიციის დაკავების სურვილი;
ასევე, მოხსნიდა ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც აფერხებს ქალი მოსამართლეების დანიშვნას ადმინისტრაციულ პოზიციებზე. ანგარიშის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავმჯდომარეების შერჩევის პროცესი კონკურენტული არ არის, ქალი მოსამართლეები კი, როგორც წესი, საკუთარ კანდიდატურას არც კი წარადგენენ თავმჯდომარის პოზიციაზე”, – ვკითხულობთ კვლევაში.
სასამართლო სისტემაში მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა დაბალი წარმომადგენლობის მხრივ ორგანიზაციამ ორი ძირითადი მიზეზი გამოკვეთა. დოკუმენტში სისტემის გარეთ არსებული მიზეზი გენდერული სეგრეგაციითა და საზოგადოებაში ქალის როლთან დაკავშირებული სტერეოტიპებითაა ახსნილი, რომელთა არსებობაზეც თანხმდებიან როგორც სასამართლოს, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
კვლევის ავტორების თქმით, საზოგადოებაში არსებული შეხედულებების გამო ქალს შესასრულებელი აქვს ტრადიციული ფუნქციები, რაც ობიექტურად არ აძლევს დამატებითი პროფესიული ფუნქციების შესრულების საშუალებას:
“ერთი მხრივ, სწორედ ეს აფიქრებინებს გადაწყვეტილების მიმღებ კაცებს, რომ ქალებისთვის მენეჯერული პოზიცია მიმზიდველი არ იქნება, რადგან მათ „ოჯახში მეტი საქმე აქვთ”. მეორე მხრივ, შეიძლება თვითონ ქალები ქმნიდნენ სივრცეს ასეთი ფიქრისთვის, უარს ამბობენ რა მენეჯერული პოზიციის დაკავებაზე თუნდაც იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრებისთვის არ არის სოციალურად სასურველი „გარე საქმეებით” ძალიან დატვირთული ქალი ოჯახში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
რაც შეეხება სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ მიზეზებს, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აქ არასამთავრობო სექტორისა და სისტემის წარმომადგენელთა ხედვები განსხვავდება.
კვლევის მიხედვით, არასამთავრობო სექტორი მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა დაბალი წარმომადგენლობის მიზეზად ასახელებს ძალაუფლების მქონე მოსამართლეთა ქსელის არსებობას სისტემის შიგნით, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები კი მიზეზს უკავშირებენ თავმჯდომარის მენეჯერულ ფუნქციებს. ამ კონტექსტში კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არასამთავრობო სექტორი სასამართლოების/ პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეობას აღიქვამს წარმატებად, თუმცა მოსამართლეთა ხედვით, წარმატება არის სამოსამართლეო პრაქტიკის განხორციელება მათ მიერ, თავმჯდომარეობა კი მხოლოდ „ადმინისტრაციული თანამდებობაა”.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ რესპონდენტთა აზრით, ქალები, რომელთაც სურთ მენეჯერულ პოზიციებზე ყოფნა, იცნობენ რა რეალობას და იციან, რომ წარმატების მიღწევის შანსი დაბალია, საკუთარ თავს თვითონვე ზღუდავენ. წარმატების დაბალ შანსებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ გადაწყვეტილებას იღებენ მამაკაცები, ისინი კი მხარდაჭერას კაცებს უფრო უცხადებენ, ვიდრე ქალებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა გავლენიან სოციალურ ქსელებთან.
კვლევის მონაწილე მოსამართლეები კი ამ მოსაზრებას არ იზიარებენ: ისინი მიიჩნევენ, რომ თავმჯდომარეობა მოსამართლეებისთვის მიმზიდველი არ არის ადმინისტრაციული ფუნქციების გამო:
“მათ ნაცვლად, მოსამართლეები უპირატესობას ანიჭებენ პრაქტიკოსი მოსამართლის ფუნქციის შესრულებას. ქალი მოსამართლეების წამახალისებელ ღონისძიებებად დასახელდა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდა, შედარებით მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ბავშვთა კუთხეების მოწყობა სასამართლოებში”, – ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება კვოტირების საკითხს, როგორც სასამართლო სისტემაში მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა წილის გასაზრდელად საჭირო მექანიზმზე, სისტემის წარმომადგენლებს შორის კვლევის მიხედვით ორი რადიკალურად განსხვავებული დისკურსი გამოიკვეთა:
“პირველის თანახმად, კვოტირება მნიშვნელოვანი მექანიზმია ქალების წილის გასაზრდელად მმართველ რგოლში: ერთი მხრივ, ის ხელს შეუწყობს სტერეოტიპების რღვევას, რომელთა თანახმადაც უფროსი აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს (შესაბამისად, მართვაც მას შეუძლია უკეთ), მეორე მხრივ კი, სისტემას „აიძულებს” მეტი ქალი წარმომადგენელი ჰყავდეს მმართველ რგოლში.
მეორე დისკურსის თანახმად, კვოტირება პოზიტიური დისკრიმინაციაა და შეიძლება უკუშედეგი ჰქონდეს (მმართველ რგოლში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ნაცვლად). კვლევის მონაწილე მამაკაცი მოსამართლეები ან მკვეთრად უარყოფითად არიან განწყობილნი კვოტირების მიმართ, ან არააუცილებელ მექანიზმად მიიჩნევენ მას. თუ პირველი პოზიცია ახსნილია პოზიტიური დისკრიმინაციით, მეორე შემთხვევაში მთავარი არგუმენტი ასეთია: კვოტირება „აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ არც ტრაგედია იქნება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აღნიშნული კვლევა ACT-მ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოამზადა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ პროექტის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, შემუშავდა კვლევის დიზაინი, რომელიც ითვალისწინებს როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებას.
თვისებრივი კვლევისას ავტორებმა გამოიყენეს სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფის დისკუსიის ტექნიკები, ხოლო რაოდენობრივი კვლევისას- სტრუქტურირებული ონლაინ კითხვარი.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა 18 სიღრმისეული ინტერვიუ და 6 ფოკუსური ჯგუფის დისკუსია. კითხვარის ელექტრონული ვერსია გაიგზავნა 519 რესპონდენტთან, შედგა 68 ონლაინ ინტერვიუ. კვლევის ცდომილება 11%-ია.