ახალი ამბები

ივანიშვილი: ტყუილად ესხმიან თავს ამ ამნისტიას და ჟურნალისტები ნუ აყვებით

9 აპრილი, 2015 •
ივანიშვილი: ტყუილად ესხმიან თავს ამ ამნისტიას და ჟურნალისტები ნუ აყვებით

“მე მგონი, რომ ეგ თემაც აგორებულია ისევ ნაცების, რამეთუ არ მოსწონთ მათ მათგან დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო რომ გათავისუფლდა. 6%–მდე შებრუნდა ციხეში, ეს არის უნიკალური შემთხვევა. ესეც ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო უდანაშაულო, ამნისტია ვისაც შეეხო. ძალიან დაბალი პროცენტი შებრუნდა უკან, იცით ხომ, დანაშაული ვინც ჩაიდინა, ძალიან დაბალმა პროცენტმა. თანაც ამას პირდაპირ, მგონი, არ შეხებია ამნისტია და ეს არ არის პირდაპირი შემთხვევა, რომ ვთქვათ, გამოუშვეს კაცი. და საერთოდ, თავს ესხმიან ტყუილად ამ ამნისტიას და თქვენ ნუ აყვებით, ჟურნალისტები. უამრავი უდანაშაულო იყო ციხეში,  თქვენ ეჭვი გეპარებათ ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულო იჯდა ციხეში ნაციონალური მოძრაობის დროს, ვის გაქვთ ეჭვი, ვინმეს გაქვთ ეჭვი? თვითონ ის ფაქტი, რომ 6%–ზე მეტს არ ჩაუდენია დანაშაული და უკან არ შებრუნებულა, განა არ ამტკიცებს ირიბად, ესეც სამტკიცი არ არის განა იმისა, რომ ძალიან ბევრი უდანაშაულო იყო, ვისაც ამნისტია შეეხო?”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს, სავარაუდოდ, შალვა აბულაძემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილი – მძიმედ დაიჭრა. მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე ციხიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გამოვიდა.

 

დღეს პერმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების დროს ამნისტიით გათავისუფლებულ პირთა მიამართ, ვინც სახელმწიფოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი “ვერ დააფასა”, სახელმწიფო დაუნდობელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი