ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2018 წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ოთხი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება შეისწავლა. ორგანიზაცია ამ საქმეში სამართლებრივ დახმარებას გარდაცვლილ მიხეილ გამეზარდაშვილის ოჯახს უწევდა.
როგორც ორგანიზაციის იურისტი, ქეთი ჩუთალაშვილი ამბობს, მსგავსი ტიპის გამოძიებებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ისაა, რომ არ ხდება მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა. კერძოდ, მინდელის შახტში მეშახტეების დაღუპვაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, თუმცა არცერთი მათგანი მაღალ მენეჯერულ რგოლში არ იყო დასაქმებული.
ეს იმ ფონზე, როცა ორგანიზაციის განცხადებით, საქმის მასალები ქმნის ვარაუდს, რომ მენეჯერული რგოლი ინფორმირებული იყო N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე სამუშაოების უსაფრთხოების წესების სისტემატურად დარღვევით მიმდინარეობის შესახებ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანიის მაღალ მენეჯმენტს N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე სამუშაოების დაწყებამდე არ გაუზომავს და შეუფასებია ამ კონკრეტულ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა და რისკები. ამასთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრნობით EMC აცხადებს, რომ მეთანის საზომი ხელსაწყოების (ინტერფერომეტრის) ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ არ შეუმოწმებიათ, მაშინ როდესაც 16 ივლისს მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ზოგიერთი მეშახტე ინტერფერომეტრების შეფერხებით მუშაობაზე მიუთითებდა.
ორგანიზაციის იურისტი ქეთი ჩუთალაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ხელსაწყო მეშახტეების ეკიპირების ნაწილია და შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთმანეთს არ ემთხვეოდა სხვადასხვა დასაქმებულის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგები, რაც ხელსაწყოების გაუმართაობაზე მიანიშნებს.
მეთანის მზომი ხელსაწყოებისა და მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორების/სიგნალიზატორის ფუნქციონირების საკითხს მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ხელსაწყოს (ე.წ. ინტერფერომეტრი) პერიოდულად უნდა ამოწმებდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელობა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ საქმის სისხლის სამართლის საქმის მასალები აჩვენებს, რომ მინდელის სახელობის შახტში სამუშაო უბნებზე მეთანის გასაზომად უკვე 4 წელია რუსულ და ჩინურ მოდელებს იყენებენ. აღნიშნული აპარატურის გამართულობა კომპანიას არ გადაუმოწმებია.
EMC-ში აღნიშნავენ, რომ ზოგადად, ინტერფერომეტრები წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. ორგანიზაციის თქმით, ინტერფერომეტრების დამუხტვასა და გარეგნულ შემოწმებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი გამოძიების წინაშე უთითებს, რომ მეშახტეებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ზოგი ინტერფერომეტრი გამართულად არ მუშაობდა და ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს აფიქსირებდა:
“ინტერფერომეტრების ამ დონეზე გაუმართავობა კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყებამდე მეთანის ან ნახშიროჟანგის შემცველობის შესახებ არასწორი მონაცემების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლოა მეთანი აფეთქდეს, რამაც გამოიწვიოს ადგილზე მყოფი პირების დაზიანება. ამგვარი მაღალი რისკის არსებობის მიუხედავად, კომპანიის მაღალმა მენეჯმენტმა არ უზრუნველყო ინტერფერომეტრების სათანადო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება”,- აცხადებს EMC.
ინტერფერომეტრების ფუნქციონირების საკითხის გარდა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ ველში კომპანიის მიერ დამონტაჟებული მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორების მუშაობის საკითხიც.
კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე, მეათე ველის +325 და +300 ჰორიზონტებს შორის დამონტაჟებული იყო მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორები, რომლებიც მეთანის ან ნახშიროჟანგის დონის მატებას ადგილზე მყოფ პირებს და მორიგე ოპერატორს (რომელიც კომპიუტერული სისტემის მეშვეობით აკონტროლებს ამ მონაცემებს) სპეციალური სიგნალითა და ფერით ატყობინებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სენსორები მომხდარ შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე განათავსეს N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე და სატესტო რეჟიმში მუშაობდა. სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შემდეგ EMC აცხადებს, რომ არსებული კომპანიის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის, მორიგე ოპერატორის გამოკითხვის ოქმებში მითითებულია, რომ 2018 წლის 16 ივლისს N2 ნახშირმომპოვებელ უბანზე მყოფმა პირებმა დარეკეს სადისპეტჩეროში და განაცხადეს, რომ N1 სამუშაო უბნიდან ხმაური შემოესმათ და ჰაერის ნაკადის მატება იგრძნეს.
“ამ ზარის მიმდინარეობისას კი, კომპიუტერის ეკრანზე N1 უბანზე დამონტაჟებული ყველა სენსორის მაჩვენებელი გაწითლდა, რის შემდგომაც აღმოაჩინეს, რომ უბანზე აფეთქება მოხდა. მსგავსი მითითების პირობებში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ სამუშაო უბანზე დამონტაჟებულ სენსორებს მომენტალურად უნდა განესაზღვრათ, მაგალითად, მეთანის დონის მატება, როგორ მოხდა, რომ მონაცემების მატება მორიგე ოპერატორთან აფეთქების წინ ან აფეთქების პროცესში არ დაფიქსირდა და მხოლოდ აფეთქების შემდგომ გაწითლდა მაჩვენებლები?
ცხადია, გამოძიებას უნდა შეესწავლა, ხომ არ იყო სენსორები დაზიანებული და, ზოგადად, როგორ ფუნქციონირებდა, თუმცა გამოძიებამ (EMC-ის მიმართვის მიუხედავად) საერთოდ არ უზრუნველყო სამუშაო უბანზე დამონტაჟებული სენსორების ამოღება და არც უკვე ამოღებულ სენსორებზე საჭირო საექსპერტო კვლევების დანიშვნა”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ სენსორები დამონტაჟებულია ლავის გარეთ, მაშინ როდესაც უშუალოდ ლავაში მიმდინარეობს ბურღვა-ფეთქვითი სამუშაოები და მეთანის დონის კონტროლს სწორედ აქ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი იყო გამოძიებას შეესწავლა, არსებობდა თუ არა ლავაში სენსორების დამონტაჟების ტექნიკური შესაძლებლობა და ამგვარი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, თავიდან აიცილებდნენ თუ არა მომხდარ ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჯეროვნად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ის საკითხები, რომლებსაც შესაძლოა შახტის მმართველი მენეჯმენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე მოეხდინა გავლენა.
ამ მხრივ ორგანიზაცია სამუშაო უბნის ხელახალი გეოლოგიური შესწავლისა და რისკების გაანალიზების საჭიროებას ხედავს, რაც ასევე არ მომხდარა, მიუხედავადი მისა, რომ ამავე სამუშაო უბანზე 2018 წლის 16 ივლისამდე, 5 აპრილს მოხდა კიდევ ერთი მძიმე საწარმოო შემთხვევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.
EMC-ში აცხადებენ, რომ ამგვარი ვითარების არსებობისას, ცხადია, შახტის მენეჯმენტს უნდა დაესვა კითხვა და ჩაეტარებინა შესაბამისი კვლევა, საერთოდ იყო თუ არა ნებისმიერი ტიპის სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი N1 ნახშირმომპოვებელი უბანი:
“ამასთან, ცხადია, იმ პირობებში, როდესაც გამოძიების ფარგლებში ჩნდება ეჭვი, რომ ინტერფერომეტრები შეფერხებით მუშაობდა, ხოლო სამუშაო უბანზე დამონტაჟებული, სატესტო რეჟიმში მომუშავე სენსორები მხოლოდ აფეთქების შემდგომ იწყებს მოქმედებას, უნდა შეფასებულიყო ზოგადად ამ კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა და ხომ არ გამოიჩინა შახტის ადმინისტრაციამ ამ პრობლემების მიმართ გულგრილობა, როდესაც არსებული მდგომარეობისა და მაღალი რისკის გაცნობიერების მიუხედავად, გასცა სამუშაოების დაწყების ნებართვა და ჩაიდინა დანაშაული.
აღნიშნულის მიუხედავად, გამოძიებას არცერთი ეს საკითხი არ შეუფასებია, რითიც კიდევ ერთხელ ჩნდება შახტის მენეჯმენტის მაღალი რგოლისთვის პასუხისმგებლობის არიდების ვარაუდი. სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტური გამოძიების წარმოება კვლავ გამოწვევად რჩება” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.
დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სტატისტიკურ მონაცემებზეც, კერძოდ, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
როგორც EMC წერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წელს 133 შემთხვევა მოხდა, 2017 წელს – 163 შემთხვევა , ხოლო 2018 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და დაშავდა 199. რაც შეეხება გამოძიების წარმოებას, შსს-ს თანახმად, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 128 შემთხვევაზე, ხოლო 2018 წელს – 224 შემთხვევაზე.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკამოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი.
კერძოდ, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამგვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის პარალელურად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში გამოძიება, როგორც წესი, საშუალო ან დაბალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით მიმდინარეობს. კონკრეტული საკითხების შესწავლა კი, რამაც შეიძლება მაღალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობა დააყენო,ს ნაკლებად მიმდინარეობს.