ქალზე სისტემატური ძალადობისა და მუქარის დროს სახელმწიფომ მისი დაცვა ვერ უზრუნველყო – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, ერთ-ერთ ქალზე კაცის მხრიდან სისტემატური ძალადობისა და მუქარის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი დაცვა შემდგომი ძალადობისგან.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2019 წლის ივლისში მის იურისტებს დასახმარებლად მიმართა ქალმა, რომელიც მასზე სისტემური ძალადობის შესახებ ყვებოდა და აღნიშნავდა, რომ საფრთხე ემუქრება.

მათი ინფორმაციით, კაცი ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნიდა არასასურველი შინაარსის წერილებს, ქალის შესახებ სხვადასხვა პირისგან აგროვებდა ინფორმაციას, ემუქრებოდა და დაჟინებით მოითხოვდა, გამხდარიყო მისი სექსუალური პარტნიორი. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კაცმა ქალის თვალწინ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა, რომ ან მას მოკლავდა, ან თავს მოიკლავდა.

“ორგანიზაციამ 2019 წლის 2 აგვისტოს მიმართა პოლიციას, ითხოვა გამოძიების დაწყება და ქალის დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერის გამოცემა.  შეტყობინების შესვლიდან მეორე დღეს დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც სავარაუდო მოძალადემ რამდენჯერმე დაარღვია. მამაკაცისგან ქალის დასაცავად სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ გამოუყენებიათ სისხლის სამართლებრივი მექანიზმი, რაც მიმდინარე საფრთხის ქვეშ აყენებს მსხვერპლს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

PHR-ის თქმით, გამოძიების დაწყების პირობებშიც კი, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მსხვერპლის დაცვა შემდგომი ძალადობისგან. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არაეფექტურად იძიებს ქალზე ძალადობის ფაქტს,  რის გამოც 2019 წლის 13 ოქტომბერს  ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე  გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან