ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 23 ოქტომბერს კვლავ გაზარდა

23 ოქტომბერი, 2019 • 4092
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 23 ოქტომბერს კვლავ გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაზარდა. სებ-ის მონეტარული კომიტეტის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 1 პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაიზარდა.

ეროვნულ ბანკში საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიზეზად მიზნობრივზე ბევრად მაღალ ინფლაციას ასახელებენ, რომელსაც სხვა ფაქტორებთან ერთად ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობებს.

როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, მიმდინარე წლის სექტემბრიდან პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი, ჯამში, 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

“ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც წინა პერიოდთან შედარებით წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა”, – წერია სებ-ის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდება.

“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულია დაახლოებით 98 ათასი სესხი, შესაბამისად, ამ რაოდენობის მომხმარებელს სესხი გაუძვირდა. მათი უმეტესობა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი