თურალ მუსტაფაევმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გასულ წელს სტრესში იმყოფებოდა და ისმაილოვას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დღეს კი მასთან შერიგება სურს.
ისმაილოვა მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით გასული წლის 5 დეკემბერს დააპატიმრეს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაასრულებს აზერბაიჯანის პროკურატურა ისმალოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს და გაათავისუფლებს თუ არა.
მიმდინარე წლის თებერვალში ხადიჯა ისმაილოვას სისხლის სამართლის ახალი ბრალდებები წარუდგინეს, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდება და არალეგალური მეწარმეობა. მარტში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 24 მაისამდე გაუგრძელა.
5 დეკემბერს ისმაილოვა პროკურატურამ დაკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება “რადიო თავისუფლებისა” და Meydan TV-ის ყოფილი თანამშრომლის, თურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას. კერძოდ, გასული წლის 21 ოქტომბერს, ბაქოს ეროვნულ ზღვისპირა პარკში ყოფნის დროს, მუსტაფაევმა საწამლავი დალია. ის კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.
მუსტაფაევმა აზერბაიჯანის დამოუკიდებელ ინტერნეტტელევიზიას, Meydan TV-ის განუცხადა, რომ გამომძიებლებმა ასეთი დაასკვნა გამოიტანეს, რომ სუიციდის მცდელობამდე ისმაილოვამ მიიყვანა.
| ||