ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებიც არ იქნება სრულად თეთრი ფერის, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მიუღებელია ის, რომ ბამპერები არ იყოს შეღებილი, ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. მსგავსი რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა უკვე. ეს შემთხვევები იქნება დაჯარიმებადი”, – განაცხადა მერმა.
კალაძემ ამის შესრულება ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რათა საკრებულოს მიერ დადგენილ წესში შევიდეს ცვლილება და ფერის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვონ.
თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.