21 ოქტომბერს ლიეტუვაში აშშ-მა სამხედროების ბატალიონი და ათობით ტანკი უპრეცედენტო როტაციის ფარგლებში გაგზავნა. როგორც “ფრანს 24” წერს, აშშ-მა ეს ნაბიჯი რუსეთის შესაკავებლად გადადგა.
ათობით ტანკი და ჯავშანტექნიკა ლიეტუვის საწვრთნელ ბაზაზე განლაგდება. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ზამთარს ლიეტუვაში გაატარებს.
“უპირველეს ყოვლისა, ეს მესიჯია ლიეტუვის, NATO-ს წევრებისა და მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ”, – თქვა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა და განაცხადა, რომ ეს ასევე მესიჯია რუსეთისთვის.
როგორც გამოცემა წერს, სამხედრო ექსპერტების თქმით, აშშ-ის ეს ქმედება არის მანიფესტაცია, რომ ქვეყანა NATO-ს მიმართ ვალდებულებებს ასრულებს.
“ფრანს 24”-ის ინფორმაციით, ლიეტუვაში 1000-მდე ჯარისკაცი ორი წლის წინათაც იმყოფებოდა გერმანიის მიერ ორგანიზებული მრავალეროვანი წვრთნების ფარგლებში.