ახალი ამბები

ცქიტიშვილი შრომის კოდექსის რეფორმაზე: ჩვენი მიზანი პოზიციების მაქსიმალური დაახლოებაა

22 ოქტომბერი, 2019 • 1327
ცქიტიშვილი შრომის კოდექსის რეფორმაზე: ჩვენი მიზანი პოზიციების მაქსიმალური დაახლოებაა

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დღეს, 22 ოქტომბერს, კანონპროექტის პირველი საჯარო განხილვა გამართეს. სამუშაო შეხვედრას პროფკავშირების, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, შეხვედრების მიზანი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება და საერთო სტანდარტზე შეჯერებაა:

“ჩვენ გვინდა, რომ გადაწყვეტილებას მხარ მეტ-ნაკლებად ორივე მხარემ დაუჭიროს. თუ დასაქმებულს ექნება განცდა, რომ უკეთეს სამუშაო გარემოზე მის სტანდარტს მხარს დამსაქმებელიც უჭერს, მისი განწყობები და პროდუქტიულობა უკეთესი იქნება. ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულებებით უნდა განვავითაროთ ბიზნესგარემო, სადაც შრომის უფლებებიც არის დაცული და თითოეული დასაქმებული ცდილობს კომპანიის განვითარებას. ეს ბუნებრივად დაახლოებადი ინტერესებია და, ვფიქრობ, ამის რესურსი არის” ,- ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა სწორედ სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების საკითხს შეეხებოდა. კითხვაზე, შეიცვლება თუ არა კანონპროექტის პირვანდელი ვერსია, ცქიტიშვილი ამბობს, რომ წინასწარ ამის თქმა არ შეიძლება:

“წინასწარგანწყობით ნუ ვამბობთ, რომ ყველაფერში იქნება ცვლილებები. ვნახო,თ, პოზიციები როგორი იქნება და ამ პოზიციებში როგორ გამოიკვეთება თითოეული მხარის პოზიცია და სად შეიძლება დააახლოება მოხდეს. ჩვენ გვინდა პოზიციები დაახლოვდეს, უკეთესი სტანდარტი შევქმნათ და პროგრესი განვიცადოთ ქვეყანამ ამ კუთხით”, – ამბობს დეპუტატი.

დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

ცქიტიშვილის თქმით,  მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრები თემატურ საკითხებზე გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი