ახალი ამბები

“სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით” – უმრავლესობის დეპუტატი მიქაუტაძეს

22 ოქტომბერი, 2019 • 2554
“სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით” – უმრავლესობის დეპუტატი მიქაუტაძეს

“მე სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით. თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს”, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს.

დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გაახსენა მის მიერ 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ, საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის საფუძველზე, “ქართული ოცნების” შემომწირველი 17 პირი უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის  სამართალდამრღვევად ცნო და 1 202 000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მაშინ გადაწყვეტილება არა ზეწოლის შედეგად, არამედ შინაგანი რწმენის და კანონის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად მიქაუტაძემ ბუკიას მხოლოდ 7 წუთი მისცა; ასევე, მტკიცებულებად არ დაუშვა ბანკის ამონაწერი, მაშინ როდესაც დავის მთავარი საგანი შემოწირულობის დასაბუთება იყო.

“როდესაც ბრალდება მტკიცებულებად აყენებდა საბანკო ამონაწერს, რომ პირმა თანხა გადარიცხა სხვაგან, ეს მიიღეთ როგორც უტყუარი მტკიცებულება. ამ დროს, მხარემ როდესაც წარმოადგინა საბანკო ამონაწერი, რომ მას ჰქონდა ეს თანხა და ხუთჯერ მეტი, ვიდრე ბრალმდებელი ედავებოდა, თქვენ ეს მტკიცებულებად არ მიიღეთ. მოგელაძე მე ბრალად მიყენებდა, რომ თანხა გადავრიცხე… 35 000 გადავრიცხე, მოგიტანეთ დოკუმენტი, რომ 60 000 დოლარზე მეტი მქონდა საბანკო ანგარიშზე და დამაჯარიმეთ 177 000 ლარით. რითი იხელმძღვანელეთ, ჩემი მტკიცებულება რატომ არ მიიღეთ მტკიცებულებად. 7 წუთი მქონდა იმ დროს, რომ არგუმენტი მეთქვა და თქვენ არ გზღუდავთ პასუხში”, – მიმართა ბუკიამ მიქაუტაძეს.

გიორგი მიქაუტაძის თქმით,  მისი დასაბუთება მითითებულია გადაწყვეტილებაში. გიგა ბუკიას თქმით, ეს პროცესი კარგი მაგალითია მომავალი მოსამართლეებისთვის, რომ არ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც “წინ დახვდებათ”.


2012 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ მიმართა სასამართლოს „ქართული ოცნების“ შემომწირველი 17 პირის დაჯარიმების მოთხოვნით, მათ მიერ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო. ჩვიდმეტივე პირი სამართალდამრღვევად ცნეს, მათთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო რაოდენობამ კი 1 202 000 ლარი შეადგინა. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე იყო. ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” შეფასებით, დავაში ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო 2 სამართლებრივი საკითხის სწორად გადაწყვეტა: კანონის კონსტიტუციურობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი, რასაც სამართლის არაერთი ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, და სადავო ქმედების კვალიფიკაცია ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ ქმედებად (შესაბამისად, მტკიცების ტვირთის საკითხის გადაწყვეტა).

დაცვის მხარე,~ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ უკანონო შემოწირულობის განხორციელება უნდა განხილულიყო არა როგორც ადმინისტრაციული, არამედ როგორც სისხლისსამართლებრივი ხასიათის ქმედება. შესაბამისად, მოქალაქეებს კი არ უნდა დაკისრებოდათ მტკიცების ტვირთი, რომ მათ ნამდვილად გააჩნდათ შესაბამისი თანხები და განახორციელებდნენ შემოწირულობებს, არამედ სახელმწიფო ორგანოებს უნდა ემტკიცებინათ, რომ მათ ეს თანხები ვერ ექნებოდათ საკუთრებაში. თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა ამ საკითხზე.

მოსამართლეთა პორტფოლიოებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საქმის მასალების გაცნობის გარეშე, დაინტერესებული მკითხველი გადაწყვეტილებიდან საერთოდ ვერ გაიგებს, რომ დაცვის მხარე ამ საკითხზე დავობდა. მოსამართლეს არ გამოუყენებია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, კანონის კონსტიტუციურობის შესაფასებლად შუამდგომლობით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ გვხვდება. მოსამართლემ მხოლოდ ერთი დღე მისცა პირებს სასამართლო განხილვისთვის მტკიცებულებების შესაგროვებლად და შესაბამისი არგუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად. სასამართლო სხდომა რამდენიმე საათი უწყვეტად მიმდინარეობდა, ხოლო სხდომის გადადების და შესვენების გამოცხადების შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც მოსამართლემ მოქალაქეები დააჯარიმა, 2012 წლის არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა კანონმდებლობაში. გავრცელებული მოსაზრებით, ცვლილებების მიზანი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი გაერთიანებისთვის პრობლემების შექმნა და ოპოზიციის შევიწროება იყო.

ამ თემაზე

1 მილიონ 202 ათასი ლარი ჯარიმა პარტიების ფინანსური დახმარებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი